მულტიმედია
"ნანობდა, რომ აცრილი არ იყო" - ანი კვარაცხელია მამაზე, რომელიც კოვიდმა წაართვა
"არ ვიცი სად, მაგრამ სადღაც ამოვიკითხე ერთი ჩემთვის გენიალური ფრაზა - "მამა არის ღმერთის სახე". ნეტა იმ ადამიანის მამა როგორი იყო, ასეთი სიტყვები რომ დაიმსახურა შვილისგან. ადვილი მისახვედრია - საოცნებო. მეც საოცნებო მამა მყავდა და ალბათ, ის თუ არა, მე ვიქნებოდი ამ სიტყვების ავტორი".

67 წლის სერგო კვარაცხელიას კორონავირუსი 9 ოქტომბერს დაუდასტურდა. მისი შვილი, ანი, იხსენებს, რომ მამას რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. სერგო კვარაცხელია კლინიკაში გადაიყვანეს, ის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში კორონავირუსს ანის მამიდაც ემსხვერპლა.

"მახსოვს დილაადრიან დედა თბილისში უნდა წამოსულიყო, წინა დღეს ჩემი დისშვილი დაიბადა. მამა ვერ ახერხებდა წამოსვლას, თუმცა მთელ რიგ დანაბარებს ატანდა დედას, სითბოსა და სიყვარულთან ერთად. იმ დღეს დედამ თავდაცვის მიზნით სიცხე გაიზომა სახლიდან გამოსვლამდე, თან თავსაც არ გრძნობდა კარგად. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულის კონტაქტი იყო და აქედან დაიწყო ყველაფერი. დედის დაინფიცირების შემდეგ, რამდენიმე დღეში, ვირუსი მამასაც დაუდასტურდა. მათთან ერთად ვირუსის მატარებელი აღმოჩნდა მამიდაჩემი", - გვიყვება ანი. ამბობს, რომ ორჯერ აცრილმა დედამ დაავადება ყოველგვარი გართულების გარეშე, მსუბუქად გადაიტანა, განსხვავებით მამისგან, რომლის მდგომარეობაც ყოველდღე უარესდებოდა.

"გადიოდა კონსულტაციას პირად ექიმთან და ითვალისწინებდა მის რეკომენდაციებს, თუმცა რამდენად ლოგიკურია, მაღალი სიცხის მქონე პაციენტს დაუნიშნო მხოლოდ სიცხის დამწევი, ყოველგვარი ანტიბიოტიკის გარეშე. არ ვიცი მედიცინაში როგორ ხდება და ეს გამართლებულია თუ არა, მაგრამ როცა ადამიანი სიცხისგან იწვის და მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არც კი განიხილავ და არგუმენტად მოგყავს - კოვიდმა ასე იცის - არის ფსკერი. მამამ, რომელსაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა არ უყვარდა, რადგან მისგან სიტყვა "მტკივა" არასდროს მსმენია, დედას სთხოვა, ეკიპაჟი გამოეძახებინა. თავისი ფეხით ავიდა სასწრაფო დახმარების მანქანაში, ყოველგვარი დახმარების გარეშე. შემოატარეს სამეგრელოს რამდენიმე კლინიკა. ზოგან ადგილი არ იყო...საბოლოოდ ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ-საავადმყოფოში მოათავსეს. მანამდე კლინიკაში გადაიყვანეს მამიდაჩემიც, ფილტვების 7%-იანი დაზიანებით", - იხსენებს ანა.
რეანიმაციაში გადაყვანამდე მამას ტელეფონით ხშირად ელაპარაკებოდა. მისთვის ბოლო საუბრების გახსენება მძიმეა, თუმცა კარგად ახსოვს, რომ მამა ოჯახის გამხნევებას ბოლომდე ცდილობდა.


"მე და ჩემ დას გვითხრა, - თავს გაუფრთხილდით, ეს კორონა რა ყოფილაო. არადა წინა დღეს ნათქვამი ჰქონდა, ლომივით ვარ მამიკოო. ნანობდა, რომ აცრილი არ იყო. კოვიდს ჯანმრთელობის სხვა პრობლემაც დაემატა. ვერაგმა ვირუსმა ყოველი მიყრუებული პრობლემა გაუცოცხლა. ის ნაწილებიც კი, რასაც პირადი ექიმი დადებითად აფასებდა ან რისკად არ თვლიდა. სანამ მამა ოდნავ უკეთ იყო, იკითხა თავისი ძმა, ვისი იმედიც ჰქონდა სულ, ვინც მუდამ, ბავშობიდან ძლიერ საყრდენად ევლინებოდა. შემდეგ ერთი ზარის შესაძლებლობა მისცეს და დედასთან დალაპარაკება ისურვა. ემოციური საუბარი ჰქონიათ. მე არაფერი არ მიჭირსო უთქვამს, არც იმედი დაუკარგავს და როგორც ყოველთვის, უთქვამს, - ყველაფერი კარგად იქნებაო".

ანისთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ის დღეები, როცა მამის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ფაქტობრივად, ვერ იგებდნენ. მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა საქმე პაციენტს ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულ ოჯახის წევრს ეხება, მედიკოსების ყოველ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

"ორივეს შემთხვევაში რთული იყო ექიმთან კონტაქტის დამყარება თუ ზარების განხორციელების კონკრეტულ საათს არ დავრეკავდით. ისიც ტანჯვა-წამების ფონზე. "რა გახდა, რა, რამდენჯერ უნდა დარეკოთ?" - ხშირი იყო მსგავსი პასუხი მკურნალი ექიმებისგან. ეს ცალკე სადარდებლად იქცა ოჯახის თითოეული წევრისთვის".

სერგო კვარაცხელიას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში თერაპიული განყოფილებიდან რეანიმაციაში, შემდეგ კი კვლავ პალატაში მოათავსეს. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდის საინკუბაციო პერიოდი დაუმთავრდა, თანმხლები დაავადებები მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

"ბოლოს მე და ჩემი და მოვუკითხივართ. დედისთვის უთხოვია, - ანი რომელ ტელევიზიაში მუშაობს უთხარი ექთანს, აინტერესებსო. თურმე, მისთვის უთქვამს, - ჩემი გოგო ჟურნალისტია, მოძებნე, ვამაყობო. იმ დღის შემდეგ მამას ხმა წესიერად არ გაგვიგია. ტრაგედია, რომელიც ჩვენს თავს დატრიალდა, მამას დაკრძალვიდან მეორე დღეს განახლდა. ზუსტად იმ დროს, რა დროსაც მამას გარდაცვალების ამბავი შევიტყვეთ, მამიდას გაუჩერდა გული. ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი წამართვა Covid-19-მა. ორი მოტივატორი, ორი ძალა". ახლა ანი ტკივილს მამაზე საუბრით და მასზე ბედნიერი მოგონებებით ახშობს. სურს პროფესიაში, რომელიც ასე ეამაყებოდა მამას, წარმატებას მიაღწიოს.

"არის ძალა, რომელიც მაძლევს სტიმულს მამაჩემს ბოლო სიტყვები გავუმართლო - "ჟურნალისტია...ვამაყობ". მან იამაყა ისე, რომ ჯერ საამაყო დიდად არაფერი არ გამიკეთებია, მაგრამ აუცილებლად მივცემ ამის საბაბს. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი, მაგიდაზე შემოვაწყობდი წიგნებს, რომელსაც ლეპტოპის დატვირთვას ვაძლევდით, ჩავისუნთქავდი ღრმად, წელში გავიმართებოდი და "ვაშუქებდი" ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი იყო. მაყურებელი კი ერთი იყო - მამაჩემი. შეეძლო საათობით მჯდარიყო საინფორმაციო გამოშვების მაგიდის წინ და დიდი ინტერესით ეყურებინა. ცნობიერი ასაკის პირველი წუთიდან მამაჩემი სიკეთის, სიწრფელისა და სამართლიანობის ეტალონად მესახება. ემოციებს იშვიათად გამოხატავდა, თუმცა დედასთან ერთად აკეთებდა ყველაფერს, რაც მათი ფინანსებით, ძალითა და ენერგიით იყო შესაძლებელი. თუ რამე წრე იქმნებოდა, სადაც სურვილი მქონდა გაწევრიანების, ორივესგან ერთდროულ ვიღებდი თანხმობას - ასე გამოვიარე მუსიკალური ინსტრუმენტების, იოგას, მხატვრული კითხვის, კალიგრაფიული წერის, კარატესა თუ ცეკვის წრე. საბოლოო ჯამში კი თვითონაც ბედნიერები იყვნენ და მეც მინათებდა სახე მთელი ბავშვობა. მამა, რომელმაც მასწავლა იმედი, შრომა, ყოველი დაცემის შემდეგ წამოდგომა, სამართლიანობა და გამბედაობა, სიკვდილის ბოლო დღეებში სულ ფიქრობდა ჩემზე. ის ყოველთვის იქნება ჩემთან". 

25 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსს 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ერთ-ერთი სერგო კვარაცხელია იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ სამეგრელოში გასულ თვეს კორონავირუსით ინფიცირებული 70 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპისთვის რეგიონის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულია ასაცრელი მოსახლეობის 50.3 %.















Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / ოქტომბერი 2024
აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსულმა ელექტრომატარებელმა "ლასტოჩკამ" წარმატებით განახორციელა სატესტო რეისები ოკუპირებულ სოხუმში. 
14 / ოქტომბერი 2024
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს "კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა"-ს დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.
14 / ოქტომბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირის ნაწილი, რომელიც უკვე მეორე დღეა გადაკეტილია, 16 ოქტომბერს 18:00 საათამდე გაიხსნება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში უთხრეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.