მულტიმედია
ხალხური საკრავები - ზუგდიდელი ახალგაზრდა ექიმის გატაცება და სამომავლო გეგმები (ფოტო/აუდიო)
„პირველი საკრავი იყო სალამური, რომელსაც ერთ თვეში სრულყოფილად დავეუფლე და შევძელი გამოვსულიყავი სცენაზე...“, - ასე იწყება ზუგდიდელი დიმიტრი ქარჩავასთვის მუსიკალურ ცხოვრების ამბავი. ონგური, ჭიბონი, სალამური და ლარჭემი

დიმიტრი 14 - მდე ხალხურ საკრავზე უკრავს, მათ შორის არის კოლხური ლარჭემი, ჩონგური, სალამური, ფანდური, სვანური ჭუნირი, ჩანგი, აჭარული ჭიბონი, აფხაზური აბხარცა. მათგან რამდენიმე ინსტრუმენტზე დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლა.
ფანდური და ჩონგური


განსაკუთრებული დაინტერესება უძველესი საკრავების ისტორიით და მისი დიდი სიყვარული მუსიკისადმი მეათე კლასში დაიწყო. თითოეული საკრავის შესახებ უამრავი საინტერესო ისტორია მოიძია, ერთ-ერთი კოლხური ,,ლარჭემი’’ კი თვითონ დაამზადა და მასზე დაკვრაც ისწავლა, სახლში კი ლარჭემისთვის აუცილებელი მცენარე, ლერწამი, მოაშენა.
ძველი კოლხური ,,ლარჭემი''

„ჭიბონზე ჩვენს რეგიონში არავინ უკრავს, ჭიბონის ერთი ნაწილი, სტვირი, შევიძინე მაღალმთიან ქედაში თვითონ გუდა კი ჩემი დამზადებული იყო. დამზადების ტექნოლოგიებს დავეუფლე ლიტერატურული მასალებით, შემდეგ უკვე მეორე ეგზემპლარი დავამზადე დამოუკიდებლად’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ დიმიტრი ქარჩავამ.უძველესი საკრავების აღდგენაში ხალხური რეწვის ოსტატი დემურ ანთია ეხმარება. კოლექციაში ყველა სიმებიანი საკრავი მისი დამზადებულია.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანი და დიმიტრი ქარჩავა

დიმიტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნისვერსიტეტი მე-4 კურსი სტუდენტია, იგი ასევე უნივერსიტეტის ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლში მღერის. მომავალი ექიმი ამჟამად სხვადასხვა კლინიკაში გადის პრაქტიკულ სწავლებებს, ამბობს, რომ მისი ჰობი ექიმის სტრესული ცხოვრების რელაქსაციის ერთ - ერთი საშუალებაა და პოზიტიურ განწყობას უქმნის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი

დიმიტრი კორონაპანდემიის დროს რამდენიმე თვე რუხის კლინიკაში მუშაობდა. რადიო ,,ათინათთან’’ იგი იქ გატარებულ დღეებს იხსენებს.

,,მახსენდება აფხაზეთიდან მოსული რამდენიმე პაციენტი. ერთ-ერთი იყო ძალიან მხიარული, ერთი პერიოდი მას დღე და ღამე არეული ჰქონდა, საღამოობით მეძახდა და საათობით ვლაპარაკობდით ხოლმე, მე ძალიან მაინტერესებს ძველი ისტორიები განსაკუთრებით კუთხის, რომელსაც არ ვიცნობ. დეტალებში ვეკითხებოდი იქაურ ისტორიებს, კულტურულ თავისებურებებს, ის კი ყველაფერს დიდი სიხარულით მიყვებოდა. ეს პაციენტი დღემდე გვეკონტაქტება მე და ჩემს მეგობრებს, სულ გვირეკავს, გვიკითხავს და გვეპატიჟება აფხაზეთში. მინდა, მქონდეს შესაძლებლობა, ჩავიდე და დავათვალიერო ეს კუთხე. სამწუხაროდ, ჩვენს თაობას არ გვახსოვს და არც ვყოფილვართ არასდროს აფხაზეთში“, - გვიზიარებს საკუთარ სურვილებს დიმიტრი.
დიმიტრი ერთ - ერთ პაციენტთან რუხის კლინიკაში

ცოტა ხნის წინ ძველი აფხაზური ინსტრუმენტის ისტორით დაინტერესდა, საკრავის აღწერილობა, გრაფიკული ჩანახაზები ხალხური საკრავების მუზეუმიდან მოიპოვა, მათ შორის ერთ - ერთი ნამუშევარი მისმა ლოტბარმა აჩუქა.
აფხაზური საკრავი ,,აბხარცა''

,,ძალიან გვინდოდა მე და ბატონ დემურს, ერთი აფხაზური საკრავი დაგვემზადებინა და შემდეგ მე დაკვრა მესწავლა, ამიტომ მისი თხოვნით, ინფორმაციები მოვიძიე თბილისში ხალხური საკრავების მუზეუმში, სადაც ნება დამრთეს, რომ მემუშავა ამ ინსტრუმენტზე. იქიდან წამოვიღე საკრავის აღწერილობა, გრაფიკული ჩანახაზები, ასევე ჩემმა ლოტბარმა ლოტბარმა ბ-მა დავით რატიანმა სოფელ ლიხნიდან მოპოვებული საკრავის აღწერილობა დამითმო’’, - ამბობს დიმიტრი.
ფოტო წარმოდგენილია გერმანული წყაროდან- Globus. Illustrierte Zeitschrift für Länder- und Völkerkunde, 1882. სურათზე ჩანს ორი ზუგდიდელი ქალბატონი, ერთ-ერთ მათგანს ხელში უჭირავს აფხაზური საკრავი ,,აბხარცა''.

გვითხრა, რომ განსაკუთრებით რთული დასამზადებელია აჭარაში გავრცელებული ძველი საკრავი ,,ჭიბონი’’, რომელიც უკვე ერთხელ დაამზადა და მისი საკრავების კოლექციაში დაიდო ბინა.

მას შემდეგ, რაც თავის კოლექციას სააკომპანემენტო საკრავი ,,აბხარცა’’ შემატა, მასზე დაკვრაც დამოუკიდებლად ისწავლა.
ჭუნირი და აბხარცა

,,ხელმისაწვდომია საბჭოთა პერიოდის ჩანაწერები, სადაც აფხაზი მუსიკოსები უკრავენ ამ საკრავზე, ასევე არის თანამედროვე ვიდეომასალები, რომლითაც შეიძლება ამ საკრავზე მუშაობის სპეციფიკის შესწავლა და სწორედ ისინი გამოვიყენე. ერთ წელზე მეტია, რაც ,,აბხარცა’’ დავამზადე, ეს არის ნავის ფორმის ორსიმიანი ინსტრუმენტი, რომელზეც იკვრება შვილდაკით. მისი სიმები ტრადიციულად დავამზადეთ ცხენის ძუისგან. ჩვენ გვინდოდა, ინსტრუმენტი მაქსიმალურად ავთენტური ყოფილიყო, ამიტომ მასზე ცხენის ძუის სიმები გვაქვს გაბმული. დაკვრამდე, როგორც ყველა სიმებიან-ხემიანი საკრავი, მისი შვილდაკი იპოხება კანიფორით. იგი ტრადიციულად ხის წებოსგან მზადდება’’, - ამბობს ახალგაზრდა ხელოვანი.
მუსიკოსი ამჯერად კიდევ ერთი უძველესი აფხაზური საკრავის მოძიებით არის დაინტერესებული და იმედი აქვს, რომ საკრავების ოსტატის დემურ ანთიას დამხარებით მის ახმიანებასაც შეძლებს.

ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „ათინათი“ და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მარტი 2024
საქართველოს პრემიერ - მინისტრის განცხადებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 60 მილიონ ლარს გულისხმობს.
19 / მარტი 2024
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის „სოციალური ნაკადის“ მიწოდება დასრულდა, ამის შესახებ კომპანია ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელმა ალხას გაგულიამ განუცხადა ადგილობრივ მედიას. 
18 / მარტი 2024
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.