მულტიმედია
ორი კილომეტრი სახლამდე - ამიდა ახალაიას აფხაზური აჯიკა და დევნილობის 30 წელი (ფოტო/ვიდეო)
როცა აფხაზურ აჯიკას დაამზადებს და ქილებში გადაანაწილებს, ირგვლივ ზუსტად ის სურნელი ტრიალებს, რაც აფხაზეთში, ბებიასთან ტრიალებდა. გემოც და სუნიც აფხაზეთს ახსენებს, ბებიას და ბედნიერ ბავშვობას. ასე 31 წლის ამიდა ახალაია დევნილობის 30 წლიან ისტორიას აგრძელებს. აჯიკის დამზადება გასაყიდად 6 წლის წინ სტუმრების თხოვნით დაიწყო, მით უმეტეს, რომ მძიმე დიაგნოზთან საბრძოლველად თანხაც სჭირდებოდა.
„ასე დაიწყო ჩემი აჯიკის გატანა ემიგრაციაში. 5 წელი ვყიდდი, 1 კგ-ს 50 ლარად ვაგზავნიდი, სხვადასხვა ავტობუსში ან ფოსტაში მიმქონდა და ფაქტობრივად, ეს იყო ნაწილობრივ წყარო, რითაც უნდა მემკურნალა. აქედან კარგი შემოსავალი მქონდა, სულ თავიდან ხელის ხორცსაკეპი მანქანით ვაკეთებდით მე და ჩემი მეუღლე, შემდეგ, როდესაც ცოტა დანაზოგი დაგვიგროვდა, ვიყიდეთ შედარებით თანამედროვე ხორცსაკეპი“, - გვიყვება ჩვენი რესპონდენტი.

ასე მივიდა შარშან პირველად ღვინის ფესტივალზე და საკუთარი აჯიკები გამოფინა. ნაწარმის გარდა, ამიდას აფხაზეთთან მთელი ცხოვრება აკავშირებს, ამიტომაც ყველა გამოფენაზე სოხუმისა და გაგრის სიმბოლოდ ქცეული ხის პატარა მიმანიშნებელი გააქვს. ამით ყველას ეუბნება, რომ აფხაზეთელია.

„1 წლის წინ ღვინის ფესტივალზე, 30 ოქტომბერს მივიღე მონაწილეობა გამოფენა-გაყიდვაში. ეს დღე აღმოჩნდა ჩემი აჯიკებისთვის საბედისწერო და იღბლიანი დღე. მას შემდეგ 1 წელია არ გავჩერებულვარ. ძალიან კარგი გაყიდვები მაქვს და ყველა გამოფენიდან ვბრუნდები ისეთი ბედნიერი, რომ სულ მინდა ახალი რამ დავამატო. მეწარმე ხომ სულ ცდილობს სიახლე მოიფიქროს და დააკმაყოფილოს მომხმარებელი. თავიდან დავიწყე აფხაზური აჯიკით, რომელსაც საოცარი სუნი აქვს. შუშიდან ეს არ იგრძნობა ხოლმე და მყიდველები სულ მთხოვენ დეგუსტაციას. ბოლო 3 – 4 თვეა დავამატე დეგუსტაციაც. განსაკუთრებით მაბედნიერებს ბებიების კომპლიმენტები. აფხაზური აჯიკის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მზადდება შებოლილი წინაკისგან, სჭირდება ნიორი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და სხვადასხვა საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც ბებია იყენებდა და სწორედ ამიტომ აქვს ასეთი გემო.

შემეძლო დამერქმია ხორცის აჯიკა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, რომ მისი სახელწოდება ყოფილიყო აფხაზური აჯიკა, რადგანაც ყოველ ჯერზე მზადების პროცესი ჩემს ბავშვობასთან და აფხაზეთთან ასოცირდება. მგონია, რომ ამ პროცესში სულ ბავშობის სუნთან მაქვს ასოციაცია, მსურს, რომ დრო ჩერდებოდეს და ის კადრები, რომლებიც თვალწინ მიდგას, არ მთავრდებოდეს. ქილა როცა იხურება და სუნი ქრება, რაღაცნაირად ცუდად მოქმედებს და როდესაც მოვხუფავ, შიგნით ვაკუუმში არის ეს სუნი, როგორც დევნილების გულში არის აფხაზეთის სიყვარული.

ბებია არ არის ცოცხალი, თუმცა, მჯერა, რომ ძალიან ბედნიერი იქნებოდა ამ ამბით, რადგან სულ ამბობდა ხოლმე საყვედურის სახით, მე რომ მოვკვდები, ვინ გააგრძელებს ამ გზასო. მით უფრო ჩემგან არ იფიქრებდა, რადგან სხვა იდეები მქონდა ბავშვობისას.

ამ ეტაპზე მაქვს 14 სახის აჯიკა და სულ ვცდილობ გავაფართოვო ასორტიმენტი“, - დასძენს ამიდა.
ყველაზე ძვირფასი, რასაც 30 წლიან დევნილობაში ოკუპაციაზე ერთი წლით უფროსი ამიდა ახალაია ინახავს, სკივრია აფხაზეთიდან წამოღებული სიმბოლური ნივთებით სავსე. თითოეულს მოგონება ახლავს, მათ შორის თხილის მარცვალსაც- აფხაზეთში მოწეულს. მოგონებებიანი პატარა სკივრი ამიდას დიდ ბებიას ეკუთვნოდა, რომელმაც სოხუმის დაცემის შემდეგ სახლიდან სამშვიდობოს წამოიღო ყველაფერი, რაც ამ პატარა ყუთში ჩაეტია.

„ძველი სხვადასხვა ნივთის სკივრი ეკუთვნოდა მამიკოს ბებიას. აქ ინახება აფხაზეთიდან წამოღებული ნივთები. არის ძალიან ძველი სხვადასხვა ქვეყნის ფული, სხვადასხვა ობლიგაცია, რომელიც საუკუნეზე მეტის, 120 წლის არის. ასევე, ძალიან ძველი ხურდები, მამიკოს საწერკალამი, საათი, თხილიც კი, რომელიც აფხაზეთშია მოწეული. არის ბევრი ძველი რუსული ფული, რომელიც აფხაზეთის დატოვებისას ჯიბეებში აღმოჩნდა.

თან არ მაქვს, მაგრამ ვინახავ საათს, რომელიც 1993 წელს ჩვენი სახლის კედელზე გაჩერდა. მინდა, გავაკეთო ჩემი საოჯახო სასტუმრო. აქ ერთი ნაწილი იქნება სივრცე, სადაც თავს მოვუყრი ყველაფერს, რაც აფხაზეთს უკავშირდება და მეორე, რაც საქართველოს იმ ნაწილს უკავშირდება, რომელმაც შეგვიფარა ჩვენ, დედიკოს დედულეთს - წალენჯიხას. მგონია, რომ ამით ორ სივრცეს, სადაც დავიბადე და შემდეგ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი, მოვუყრი ერთიანად თავს“, - გვიყვება ამიდა, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან სულ რაღაც ორ კილომეტრში, სოფელ ფახულანში ცხოვრობს.

მის სახლში მოგონებების თაროებია, თითოეულს საკუთარი ისტორია აქვს. თაროს თავზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებია, ხის წარწერებიანი „გაგრა“ და ეიფელის კოშკი. სჯერა, რომ აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ დიდ ევროპულ ოჯახთან, ევროკავშირთან ერთადაა შესაძლებელი.

„მგონია, რომ საქართველოს დროშა ყველა ქართველის ოჯახში უნდა იყოს, ევროპის დროშა კი არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, სადაც თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, მგონია, რომ ჩვენი აფხაზეთი აუცილებლად დაბრუნდება და მჯერა, მწამს, რომ დაბრუნდება ნამდვილად.

სწორედ ამან განაპირობა ჩემი სხვადასხვა მიდრეკილება და მიმართულებები, რაზეც ვმუშაობ, მათ შორის, მშვიდობის მიმართულებით, ბავშვობიდან ოცნებად მექცა მშვიდობიანი, უღრუბლო ცის ქვეშ ცხოვრება. სულ მახსენდება ის გზა, რომელიც ჩემთვის იყო გოლგოთა, რასაც გავდიოდით დევნილები“, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი. თაროზე მისი ჯილდოები, სერტიფიკატები, დიპლომები და წიგნებიცაა მოთავსებული. მის მიერ დამზადებულმა ლოგომ, რომელიც ჭიქაზე დატანილი მოგონებების თაროზე საპატიო ადგილზეა, ჯილდოც მიიღო.

„დიპლომი გახლავთ „მშვიდობა და ადამიანის უფლებების“ კონკურსში გამარჯვების სიმბოლო. უნდა დაგვემზადებინა ლოგო და დავამზადე მავთულხლართები, ნათელი მხარე არის აფხაზეთი, ბნელი მხარე არის საქართველო აფხაზეთის გარეშე და თაობები, რომლებიც გახლართულნი არიან მავთულხლართებში, მტრედი- მშვიდობა და საქართველოს დროშა.

ერთ დროს ეს მავთულხლართები გაირღვევა და საქართველოს დროშა აფრიალდება.

ვინახავ ასევე ზღვის ქვას. ეს ქვა მემკვიდრეობით მივიღე მამიკოსგან და ეკუთვნოდა მის ბებიას, რომელსაც მზითევში მოუტანეს, ამიტომაც ფაქტობრივად, გამოდის ანტიკვარი. მაშინ აკვანზე ეკიდა ბავშვების ავი თვალისგან დასაცავად. ეს ქვაც ასოცირდება ჩემს აფხაზეთთან“, - დასძენს ამიდა.

ის ახლა მეუღლესა და შვილებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე, მშობლიური საბერიოდან ორ კილომეტრში სოფელ ფახულანში ცხოვრობს. მშობლებთან ხშირად დადის, თუმცა ოკუპანტებისა და აფხაზი ე.წ. მესაზღვეებისგან მალავს გულზე მიმაგრებულ საქართველოს დროშას, რომელსაც არასოდეს იხსნის.

„სულ მიკეთია ხოლმე საქართველოს დროშა გულზე. როცა აფხაზეთის საზღვარს გადავდივარ, საქართველოს დროშას ტანსაცმლის უკანა მხარეს ვინახავ და ჩემი წილი საქართველო თან მიმაქვს ხოლმე“, - ასე გრძელდება დღესაც, დევნილობის 31-ე წლის დასაწყისში.


არქიტექტორი, ჟურნალისტიკაზე სწავლა და მძიმე დიაგნოზი - დევნილი ქალის რთული გზა


აქამდე კი იყო რთული გზა, რომელიც მასთან ერთად მისმა ოჯახის წევრებმა, მათ შორის მცირეწლოვანმა შვილებმა გაიარეს. ამიდას დიაგნოზი თავის ტვინის სიმსივნის ექიმებმა 6 წლის წინ დაუსვეს. ერთ დღესაც გაიღვიძა და გარშემო ვეღარაფერი დაინახა.

„აგვისტოს თვე იყო. უცბად, ერთ დღეში მხედველობა დავკარგე და სამ კვირაში გაირკვა, რომ მაქვს თავის ტვინის სიმსივნე. დამჭირდა ძალიან დიდი ბრძოლა, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრება არის ბრძოლა და მჯერა, რომ თუ გწამს, ყველაფერი გამოგივა. ალბათ, ჩემს დიდ სანათესაოში ერთადერთი ვიყავი, ვისაც სჯეროდა, რომ გამოვიდოდა და კარგად ვიქნებოდი. ძალიან დამეხმარა ჩემი ექიმი, რომელიც პარალელურად ფსიქოლოგიურ დახმარებასაც მიწევდა და სულ მეუბნებოდა, რომ უნდა მწამდეს, რომ ღმერთი არ დაუშვებდა, ჩემი შვილები დედის გარეშე დარჩენილიყვნენ.

ვისაც ავადმყოფობასთან აქვს საქმე, მიხვდება, თუ წამებში რა თანხის მობილიზება შეიძლება დაგჭირდეს. სადღაც, 5 თვე დამჭირდა, რომ მხედველობა შედარებით უკეთ მქონოდა. ისე მოხდა, რომ ერთმა ექიმმა მოახდინა საოცრება და ოპერაციის გარეშე მხედველობა უკეთესობისკენ წამოვიდა. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ოპერაცია არ გამეკეთებინა, ათმაგად ვიწამე სასწაულის და აქედან გამომდინარე დავაფასე ყოველი წამი სიცოცხლის“, - ასე იხსენებს მძიმე პერიოდს ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც სწორედ მძიმე დიაგნოზს გამო ჟურნალისტიკაზე სწავლის გაგრძელება შეწყვიტა. შეწყვიტა ასევე ხატვა, რომელიც ძალიან უყვარდა და ეს საქმიანობა მის ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებდა. პროფესიით არქიტექტორი ამიდა ყველაზე ხშირად ესკიზებს ხატავდა, გოგონებსა და ტანისამოსს. თითქმის ყველა ნახატი გააჩუქა, ახლა კი სახლში შემორჩენილიდან მისი ბავშვობის ოცნება - გიტარიანი ამიდა გვიმზერს.

„ძალიან კარგად ვხატავდი, სანამ ცუდად გავხდებოდი და ამის შემდეგ ფანქარი ხელში არ ამიღია და არ დამიხატავს. ნახატზე გამოსახულია გიტარიანი გოგო. მე ძალიან მინდოდა გიტარაზე დაკვრის შესწავლა, მაგრამ დევნილობის დროს არ მოქნდა ამის ფუფუნება და ჩემი წარმოსახვით ნახატზე გამოსახული გოგო ვარ მე. მაშინ დავხატე ეს გოგო. ჩემი და ფანქრის ურთიერთობა ჩემი ავადმყოფობის შემდეგ დისტანცირებული გახდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი უფროსი გოგო ხატავს ძალიან კარგად და სამომავლოდ, აქვს არჩეული ინტერიერის დიზაინერობა და ვთვლი, რომ განაპირობა ბავშვობის პირველი მოგონებიდან, სადაც მე და ის ერთად ვხატავდით. მე კარგად ვკერავდი და ჩემთვის ვქმნიდი ესკიზებს, მიყვარდა 80-90 იანი წლების ტანსაცმელი“, - იხსენებს ამიდა.
ამიდასთან მის ხელნაკეთ ნივთებსაც ნახავთ. ‘ხემორძგვი’ - ასე ჰქვია მის მიერ შექმნილ ნამუშევრებს, რომლებიც იქმნება სხვადასხვა ტექნიკით ხეზე, პოლიმერული თიხისა და ბისერებისგან.

გარდა იმისა, რომ „ამიდას აჯიკა“ პოპულარობას იხვეჭს, ხარისხს არ კარგავს და მალე წარმოება გაფართოვდება კიდეც, მომდევნო ოთხი წელი ჩვენი რესპონტენტი საჯარო მმართველობას შეისწავლის. წლების შემდეგ ამიდა ისევ სტუდენტია, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და სწავლის დასაწყებად ემზადება.


პიტნის აჯიკა და მეგრული სადილი დევნილი ქალისგან


სანამ „აწარმოე საქართველოს“ გამარჯვებული ბენეფიციარი საწარმოს ააშენებს და წარმოებას გააფართოებს, ჩვენ თვალწინ ბებიის რეცეპტით პიტნის აჯიკას ამზადებს, გებჟალიას ახვევს და ელარჯი ამოაქვს. მეგრული სადილით გვიმასპინძლდება და გვპირდება, რომ გაჩერებას არ აპირებს, პირიქით, იმპორტსა და ექსპორტზე ერთდროულად იმუშავებს და საოკუპაციო ხაზზე მცხოვრებსაც დაასაქმებს.









Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / მაისი 2024
მუსიკით დასრულდა აქცია ზუგდიდის სკეიტ პარკში, სადაც შეკრებილებმა ე.წ აგენტების კანონი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. დღევანდელი აქცია ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.
08 / მაისი 2024
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიზე, ევროპის დღეების ფარგლებში, „აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგეებმა შეკრება, დაახლოებით, 6 საათზე დაიწყეს.
08 / მაისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, წერს ტელეგრამ არხი Respublica.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.