რეგიონი
დაბალი ზონის სოფლებში თხილის მოსავალი განადგურდა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში თხილის მოსავლის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია. ფერმერების უმეტესობა ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული დაავადებები აქვს მათ ბაღში თხილს, არ ფლობს. აგრონომების მტკიცებით, მოსავლის გაფუჭების მიზეზი არა ერთი, არამედ, ერთად რამდენიმე სხვადასხვა დაავადებაა. მთავრობა კი მხოლოდ ერთი მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ატარებს ღონისძიებებს.

ამ მხრივ განსაკუთრებულად რთული ვითარებაა სოფელ კახათში. ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, რომ თხილის მოსავლის მხოლოდ 3 %-ია საღი, თუმცა შიშობენ, რომ დარჩენილი რაოდენობაც განადგურდება. მათივე ვარაუდით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა დაგვიანებულია.



„კარგი იქნება, თუკი მოვა სპეციალური კომისია, აიღებს ანალიზს და დაადგენს, რა დაავადებაა. ჩვენ არ ვართ ინფორმირებულები ამ დაავადებების შესახებ. არ ვიცით, რით და როგორ შევწამლოთ. მხოლოდ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვა შედეგს ვერ მოიტანს“, - თქვა ადგილობრივმა ფერმერმა ლერი სილაგავამ.

ამავე სოფლის მკვიდრი რუზგენ გოგიაც არ ფლობს ინფორმაციას, აზიური ფაროსანას გარდა, რას შეეძლო თხილის ასე მასშტაბური განადგურება. ის ამბობს, რომ სხვადასხვა მწერისა და დაავადებისგან თხილის დაზიანების შემთხვევები წინა წლებშიც იყო, თუმცა მსგავსი არ ახსოვს. მისივე თქმით, დაავადებები სხვა მცენარეებზეც გავრცელდა.

„ვუვლი ნაკვეთს და ყოველწლიურად ორ ტონამდე მოსავალს ვიღებდი. წელს არაფერს არ ველოდები. ის მცირედი ნაწილიც, რაც, შესაძლოა, შერჩეს, უხარისხო იქნება“, - თქვა გოგიამ.



მსგავსი მდგომარეობის შენარჩუნების შემთხვევაში თხილნარის ამოძირკვას აპირებს ინგირის მკვიდრი ბაჩუკი კანკია. ის თხილის ნაცვლად სხვა კულტურის გაშენებას გეგმავს.

„ობი, ნაცარი, მერქნის ჭია-ძირითადად ეს დაავადებებია ჩემს თხილნარში. ბანკიდან სესხი რომ გამოვიტანოთ და შევწამლოთ, მერე რით გავისტუმროთ. ამ უხარისხო თხილს არავინ იყიდის. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვაც დაგვიანებულია“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კანკიამ.



მცირე ფერმერებისგან განსხვავებით, უკეთესი მდგომარეობა აქვს მარიკა კოდუას, რომელსაც თხილნარი რამდენიმე ათეულ ჰექტარზე აქვს გაშენებული. დარჩელელი ფერმერი ამბობს, რომ მიუხედავად ნაკვეთის ორჯერ შეწამლვისა, მოსავლის 25 % მაინც განადგურდა.



„უამინდობის გამო გაჩნდა სოკოვანი დაავადებები და თხილის სიდამპლეც. შეიძლება, გარედან არ ემჩნეოდეს, მაგრამ თხილის გატეხვის შემთხვევაში, დავინხავთ, რომ ნაყოფი დამპალია. გამოდარებისთანავე კიდევ ვაპირებთ შეწამლვას, რათა თავიდან ავიცილოთ ზარალი“, - აღნიშნა ახალგაზრდა ფერმერმა.



საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მკვლევართა ჯგუფებმა რამდენიმე თხილნარი დაათვალიერეს და შეწამლულ და შეუწამლავ თხილნარებს შორის არსებული მდგომარეობა შეადარეს. ასოციაციის მთავარი აგრონომი რევაზ შონია ამბობს, რომ შეუწამლავ და შეწამლულ თხილნარებს შორის სხვაობა ფასზეც აისახება და ფერმერებს მოუწოდებს, დაგვიანების მიუხედავად, მაინც შეწამლონ საკუთარი თხილნარები.

„იმ ფერმერების ბაღებში, ვინც ჩაატარეს წამლობა კომბინირებული მეთოდებით, ვხედავთ, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. შეუწამლავ თხილნარებში კი უხარისხო და გაფუჭებული თხილია. ამიტომაც ვურჩევთ ფერმერებს, წამლობა კომბინირებული ნაზავით ჩაატარონ, რომელშიც შეუძლიათ გაურიონ ფუნგიციდები, რაც სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია და დადებითად მოქმედებს თხილის მოსავლიანობასა და ხარისხზე“, - აღნიშნა შონიამ.

მისი შეფასებით, დაბალი ზონის სოფლებში თხილნარებში არსებული ვითარება მძიმეა. ის ამბობს, რომ დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად კომპლექსურ მიდგომაა საჭირო. მისივე განმარტებით, დროული და სწორი შეწამლვა შედეგის მომტანი იქნება.



„მასიურად არის გავრცელებული სოკოვანი დაავადებები. ნებისმიერ შუწამლავ თხილნარში ზიანი თვალსაჩინოა. რაც შეეხება ფაროსანას, გავრცელების მიუხედავად, ამ მავნებლის მიერ მიყენებული ზარალი, ჯერჯერობით, არ არის აშკარა. ამ შემთხვევაში წამლობაც არ არის დაგვიანებული“, - აღნიშნა შონიამ.

თხილის ერთ-ერთი მავნებლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე განმარტავს, რომ ეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარების ე.წ. დაკვირვების წელია. მისი თქმით, მავნებლის სრულად განადგურება და აღმოფხვრა შეუძლებელია. 

„საუბარია აზიური ფაროსანას პოპულაციის შემცირებაზე და არა მთლიანად აღმოფხვრაზე. როგორც ჩვენი დასავლელი ექსპერტები ამბობენ, ამ მავნებლის სრულად აღმოფხვრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ყოველ წელს ამ მავნებელთან ბრძოლა მოგვიწევს“, - განაცხადა კერესელიძემ.



რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას თხილის მავნებლების შესახებ, კერესელიძის განმარტებით, მუნიციპალუტეტებში შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფები და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილობრივებს შესაბამის ინფორმაციებს აწვდიან.

„წლევანდელი გამოცდილებით, მომავალში ვაპირებთ, რომ საინფორმაციო კამპანია ამ მავნებელთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით გაცილებით ადრე დაიწყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერების ინფრომირებულობა. გარდა სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა, აუცილებელია, რომ ფერმერიც ჩაერთოს პროცესში“, - განაცხადა კერესელიძემ.

ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში თხილის ერთ-ერთი მავნებლის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლვა 14 და 17 ივნისს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში, თხილის ნარგავების შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. 1,5 ჰა-მდე ფართობის მფლობელებს სახელმწიფო ნარგავებს საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 1,5 -დან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი შესაწამლად უსასყიდლოდ გადაეცემათ. აღნიშნული სამუშაოებისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 421 300 ლარი და 7-ტონამდე საწვავი გამოიყო.



გამოსწორდება თუ არა ვითარება მომავალ წელს და თხილის როგორ მოსავალს მიიღებენ ფერმერები, ეს სახელმწიფოსა და თავად ფერმერების მიდგომებსა და ქმედებებზეა დამოკიდებული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.