სტატია
სარესტორნო ბიზნესის კრიზისი ზუგდიდში - კვების ობიექტები მომსახურების გაძვირებას ვარაუდობენ (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში, ისევე როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რესტორნები, კაფეები და დარბაზები მარტის შუა რიცხვებიდან დაიკეტა. მათი ნაწილი, მფლობელებმა, უსაფრთხოების მიზნით, ჯერ კიდევ მთავრობის მიერ შეზღუდვების დაწესებამდე დახურეს.  ქალაქის თითქმის ყველა კვების ობიექტმა თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა, ზოგიერთმა კი დარჩენილი რამდენიმე ადამიანით მიტანის სერვისი დაიწყო. რესტორნებისა და დარბაზების მფლობელებს უჭირთ კონკრეტულ ციფრებზე საუბარი, თუმცა უმრავლესობა თანხმდება, რომ ზარალი დიდია.

როგორ აგრძელებენ მუშაობას საგანგებო რეჟიმის პირობებში და რა გავლენა იქონია პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის გატარებულმა ღონისძიებებმა ადგილობრივ სარესტორნო ბიზნესზე - ამ კითხვით მიმართა ზუგდიდში არსებული კვების ობიექტების მფლობელებს რადიო "ათინათმა".
მნიშვნელოვნად აზარალა პანდემიამ რესტორანი "ელ ბარკო". რესტორნის დამფუძნებელი იაგო ფასანძე გვიხსნის, რომ ზამთარი ისედაც ნაკლებად მომგებიანია, სტუმრების მატება კი სწორედ გაზაფხულიდან იწყება . ის განმარტავს, რომ 2018-2019 წლებთან შედარებით, „ელ ბარკოს“ მარტი-აპრილის პერიოდში, დაახლოებით, 50 000 ლარის ბრუნვა შეუწყდა, ხოლო ექვსმა თანამშრომელმა შემოსავლის ძირითადი წყარო დაკარგა.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა ჩვენი გეგმა ერთდროულად მოძველდა, რადიკალური ცვლილებები მოხდა მომხმარებელთა საჭიროებებში. მომგებიანობის თვალსაზრისით მიტანის სერვისის შეთავაზებას ვერ დავიწყებდით, ასევე, ეს სერვისი ქალაქში უკვე ჰქონდათ სხვა რესტორნებს და გააგრძელეს კიდევაც. ჩვენი გუნდის წევრებმა სახლში დარჩენა და საყოველთაო რეკომენდაციების გათვალისწინება ერთადერთ გამოსავლად მივიჩნიეთ. საბედნიეროდ, მაისის თვეში დავიწყეთ თანამშრომლობა ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან, რომელის ფარგლებში ვახორციელებთ თეორიულ დისტანციურ სწავლებას მზარეულის მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში. მიღებული შემოსავალი მოხმარდება, თანამშრომლებზე სიმბოლური თანხის გაცემას, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირთა დავალიანებების გასტუმრებას“, - ამბობს იაგო ფასანძე და დასძენს, რომ სამომავლო გეგმებზე საუბარი მისთვის ამ ეტაპზე რთულია.
კერძების გატანის სერვისი შესთავაზა მომხმარებელს რესტორანმა "მენძელმა", თუმცა მისი მენეჯერის, ბათუ აბსავას თქმით, ამ მომსახურებით მოსარგებლეთა რიცხვი მცირეა, რაც ობიექტის მინიმალურ ხარჯებსაც ვერ ფარავს.


„ფაქტობრივად გაჩერებულები ვართ. გატანაზე 3-4 კაცი მუშაობს ყოველდღიურად, მაშინ როცა 20-25 თანამშრომელი გვყავს სტაბილურად, სრული დატვირთვით დასაქმებული. ევროპაში ნელ-ნელა იხსნება ღია ტიპის ობიექტები, როგორც ვიცი, რომლებმაც გარეთ დასაჯდომი ადგილები უნდა შესთავაზონ მომხმარებელს, ამისთვის ჩვენც მზად ვართ და იმედია მოგვცემენ  ნებართვასაც.  ამ მხრივ, სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა ჩემი აზრით კარგია“, - უთხრა „ათინათს“ ბათუ აბსავამ.
რესტორან „მონოპოლის“ წარმომადგენელი თეა ფიფია მიიჩნევს, რომ ყველა სახის საკვები პროდუქტის გაზრდილი ღირებულება, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რესტორნების მომსახურების ფასზეც აისახება. 


„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ჯერ ხომ დაიხურა საერთოდ დარბაზი, მერე გადასახადები გადასახდელია. რაც ბოლო 2 კვირა ვიმუშავეთ, ხალხმა ქელეხების და ქორწილების თანხაც, რომელიც 15-20 მარტამდე უნდა მოეცათ, ვერ გადაიხადა და ესეც ვალად დაგვაწვა. რემონტი ახლახან გავაკეთეთ. კი, რესტორანი რომ ვერ მუშაობს, იჯარის თანხას არ ვიხდი, მაგრამ ახლა ივნისიდან მოგვიწევს სესხების დაფარვა, როგორ იქნება ეს ყველაფერი არ ვიცი. დენის და გაზის დავალიანება ვერ გადავიხადე ამ თვეს. ჯერჯერობით არანაირ დახმარებას არ ველოდები. ძალიან უიმედოდ ვარ, მსოფლიო კრიზისია. რომ დავუბრუნდებით მუშაობას, პროდუქტი გაძვირებულია, მაგალითად ხახვი რომ 4 ლარი ღირს - ავტომატურად მოიმატებს ალბათ ყველაფერზე ფასი“.
„მონოპოლის“ მსგავსად დარბაზის იჯარას ვეღარ იხდის რესტორანი „ბაგრატიონიც“.


„როგორც კი გაგვაფრთხილეს სურსათის უვნებლობიდან, დავიკეტეთ. სამწუხაროდ, თანამშრომელი ბევრი გვყავდა და სახლში არიან. იჯარით ვართ, თუმცა ამ სიტუაციაში ვერ ვიხდით. ბანკი შეგვიჩერდა 3 თვით, ვნახოთ როგორ იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით. მსოფლიო ფიქრობს გამოსავალზე, ალბათ ჩვენი ქვეყანაც გამონახავს გზებს ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად“, - ამბობს „ბაგრატიონის“ დამფუძნებელი გოგი გობეჩია.
რთულად პროგნოზირებადია მომდევნო თვეები ზუგდიდში არსებული კიდევ ერთი რესტორნის, „ბერმუხას“ მენეჯერისთვის. ელისო ჭურღულია ერთ-ერთია, ვინც ობიექტი შეზღუდვების დაწესებამდე, საკუთარი ინიციატივით დახურა. ახლა, როგორც ამბობს, ერთადერთი მიმართულება, რომელზეც მუშაობს სუპერმარკეტების ერთ-ერთი ქსელის მზა საკვებით მომარაგებაა.


„საშინელი სიტუაციაა, რა გითხრათ არ ვიცი. ჯერ კიდევ შეზღუდვებამდე დავკეტეთ, მედიცინასთან ახლოს ვარ და შიშით მე თვითონ დავხურე. არ მინდოდა არც თანამშრომლების არც საკუთარი ოჯახის წევრების საფრთხეში ჩაგდება. ერთადერთი გატანის სერვისი მაქვს მაღაზია „სპარში“, თუმცა იქაც მოთხოვნა გაცილებით ნაკლებია ჩვეულებრივზე. სანამ ვირუსი დადასტურდებოდა, უკვე იყო ცუდი სიტუაცია - მაღალი ფასები  ხორცზე, ბოსტნეულზე, მაგრამ ფასებს არ მოვუმატე.  ვფიქრობდი, გადავიტან 2-3 თვეს და მერე დასტაბილურდება ყველაფერი. ვცდილობდი, ხალხის დუხჭირი ცხოვრების გათვალისწინებით არ მომემატებინა არაფრისთვის. ახლა ვცდილობ ის მომხმარებლები მაინც შევინარჩუნო, ვინც „სპარში“ მყავს. ამაში ვხედავდი გამოსავალს, თუმცა ასე თუ გაგრძელდა, მეც და სხვებსაც მოგვიწევს ალბათ ობიექტების დახურვა. რაღაცა უნდა წავიდეს უკეთესობისკენ მოძრაობა რომ აღდგება. ყველაზე მეტად, იმას განვიცდი, რომ ვერ ვეხმარები იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდება მსგავსი სახის ქველმოქმედება“, - გვეუბნება ელისო ჭურღულია, რომელიც ზუგდიდში რამდენიმე ათეულ შეჭირვებულ ოჯახს საკუთარი ხარჯით საკვები პროდუქტებით ყოველკვირეულად ამარაგებდა. 
სოციალური საწარმო-კაფე და ჰოსტელ „მეგო ბარში“ გაუქმდა ყველა დაგეგმილი აქტივობა. შეჩერებულია უცხოელი მოხალისეების მიერ ორგანიზებული სასწავლო პროექტებიც, მათ შორის უცხო ენის კლუბიც. „მეგო ბარის“ მენეჯერის, ედუარდ ფარცვანიას თქმით, ამ ეტაპისთვის საწარმოს ძირითად შემოსავალს  ველოსიპედების და სკუტერების გაქირავების სერვისი წარმოადგენს.
„ჰოსტელში ყველა ჯავშანი გაუქმდა, ასევე იჯარის თანხის ნაწილის გადახდა მაინც გვიწევს. „მეგობარში“ გამართული ყველა აქტივობა ფინანსდებოდა საწარმოს შემოსავლებიდან, რაც ამ ეტაპზე შეჩერებულია. ადგილზე მიტანის სერვისი კი გვაქვს, მაგრამ ის ფაქტობრივად მოხალისეობრივია“, - გვიყვება ედუარდი.       
ჩავარდნილად მიიჩნევს სეზონს რესტორან "დიარონის" ადმინისტრაცია, რომელიც გატანის სერვისის ხარჯზე აგრძელებს მუშაობას. როგორც ჩვენთან საუბარში რესტორნის წარმომადგენელმა აღნიშნა, ადგილზე ახლა 20-დან მხოლოდ 5 თანამშრომელი მუშაობს. სხვებისგან განსხვავებით, "დიარონს" ფართი საკუთარ მფლობელობაში აქვს, თუმცა ობიექტის გაფართოებისთვის აღებული სასესხო ვალდებულებების გადახდა უჭირს.

„ნავაჭრი არ არის, ხალხიც გავუშვით. რამდენიმე თანამშრომელი დავტოვეთ, მათ მაინც რომ მივცეთ მცირე ანაზღაურება. სიმართლე რომ გითხრათ, გატანიდან რაც გვაქვს შემოსავალი, კომუნალური და სხვა ხარჯების დაფარვასაც არ ჰყოფნის. ვერ ვიტყვი, რომ გაქვს დიდი ზარალი, მაგრამ გვაქვს სესხები, ვალდებულებები, რითაც გავაკეთეთ აქ ყველაფერი. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არ მოგვიწევს ქონების გადასახადის გადახდა, რაც სახელწიფოს მხრიდან დიდი შეღავათი იქნება. ასევე მოგვთხოვეს უხელფასო შვებულებაში მყოფი ადამიანების ანგარიშის ნომრები, მათ 200 ლარიან კომპენსაციას დაარიცხავენ. ჩვენც მეტწილად სტუმრებზე, ტურისტებზე ვართ დამოკიდებული, სეზონზე გამომუშავებულ თანხას ვანაწილებთ შემდგომ ზამთარზე, როცა მოთხოვნა ნაკლებია“, - გვითხრეს „დიარონში“.

24 აპრილს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების ეკონომიკური გეგმა გააცნო, რომლის პირველი ეტაპი  27 აპრილს დაიწყო, სულ კი ასეთი 6 ეტაპი იქნება.

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები მისი განხორციელების მეოთხე ეტაპზე ამოქმედდება. მეხუთე ეტაპზე კი გაიხსნება ყველა ტიპის რესტორანი და კვების ობიექტი, რომელიც მომხმარებელს ადგილზე ემსახურება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.