სტატია
შობა-ახალი წლის ტრადიციები სამეგრელოსა და აფხაზეთში (ფოტო)
მივიწყებული ადათ-წესების ძიებაში ეთნოლოგმა იოსებ შენგელიამ საქართველოს სხვადასხვა კუთხე შემოიარა. განსაკუთრებული ყურადღება მშობლიურ სამეგრელოს დაუთმო და აქ თითქმის ყველა სოფელს ესტუმრა. ამბობს, რომ მთხრობელებისგან ყველა სახის ინფორმაციას იწერდა - იქნებოდა ეს ფოლკლორი, საგვარეულო-სათემო სალოცავები, ხალხური სპორტი, აღზრდის ხალხური სისტემები, აგრარული კულტურები თუ სხვა. დღეს ორ მეზობელ რეგიონში, სამეგრელოსა და აფხაზეთში მოკვლეულ საშობაო და საახალწლო ტრადიციებზე გვიყვება.

"ბევრ ტრადიციაზე ცნობები უშუალოდ ველზე მუშაობის დროს, მოხუცი მთხრობელებისგან მაქვს მიღებული. ასევე ინტერესიდან გამომდინარე დამუშავებული მაქვს ამ საკითხზე არსებული სამეცნიერო ლიტერატურაც. საქართველოში უძველესი დროიდან აღნიშნავდნენ ახალ წელს და ამ დღეს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ", -  ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

სამეგრელო და აფხაზეთი მომიჯნავე რეგიონებია და ამ კუთხეების საახალწლო და საშობაო ტრადიციებში ბევრი მსგავსება შეიმჩნევა, თუმცა განსხვავებებიც საკმაოდაა, - მიიჩნევს იოსებ შენგელია და თითოეული კუთხისთვის არსებულ ადათებზე საუბრობს.

"ახალ წელს სამეგრელოში კალანდას ეძადნენ. კალენდარული ცვლილების შემდეგ მას 14 იანვარს აღნიშნავდნენ. ახალი წლის ღამეს სამეგრელოში ოჯახში მამასახლისის გარდა ყველა იძინებდა. ოჯახის უფროსი კი ამ ღამეს აუცილებლად შინ უნდა ყოფილიყო. იგი წარმოადგენდა კალანდას, რომელიც გარედან მოდის, მაგრამ სახლში შემოსვლის წინ მას ვინმე ოჯახის წევრთაგანი უნდა წაძღოლოდა წინ. მას ვინც კალანდას წინამძღოლის როლს ასრულებდა ერქვა "მაკუჩხოლე/მაკუჩხერი" (მეკვლე). ის კალანდობის წინა ღამეს ბოსელში ან სასიმინდეში ატარებდა. მეკვლეს თან ჰქონდა "ქუჩუჩი" (ჩიჩილაკი), რომელიც კალანდას განუყოფელი ატრიბუტი გახლდათ. არსებობს მოსაზრება, რომ ჩიჩილაკის ტრადიცია, რომელსაც ჩვენი წინაპრებისთვის უძველესი დროიდან იყო ცნობილი, წმინდა ბასილი დიდის სახელს უკავშირდება. თუმცა შესაძლოა ჩიჩილაკი წინარექრისტიანული ეპოქიდანაც მოდიოდეს და მზის თაყვანისცემასთან ჰქონდეს კავშირი".

ეთნოლოგის განმარტებით, "მაკუჩხერს" აუცილებლად უნდა ჰქონოდა გობიც, რომელზეც ელაგა საახალწლოდ დაკლული ღორის თავი, გული და ღვიძლი, ღვეზელი და აგრეთვე ერთი ჯამი ღომის მარცვალი.

"გარიჟრაჟზე "მაკუჩხერი" დგებოდა და მიდიოდა წყაროსთან, სადაც ცივი წყლით პირს დაიბანდა. მეგრელებს სწამდათ, რომ ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ მთელი წლის განმავლობაში სიფხიზლე არ მოაკლდებოდათ. წყაროდან ჩამოსვლისას თან მოჰქონდა ახალი წყალი და იმ ადგილას ბრუნდებოდა, სადაც ღამე გაათია. იქიდან გამოჰქონდა ჩიჩილაკი და მის თავზე მიკრულ სანთლებს აანთებდა, აიღებდა სურსათ დალაგებულ გობს, დოქით წყალს და სახლისკენ გაემართებოდა. შიგნიდან ჩაკეტილ კარებს მიადგებოდა და დაიძახებდა: კარი გამიღე! ოჯახის ერთი წევრი ლოგინიდან ადგებოდა, მაგრამ კარის გაღებამდე უნდა გაეგო რა მოჰქონდა კალანდას, ამიტომ ეკითხებოდა: რა მოგაქვს? პასუხად კი იღებდა: მოვბრძანდები კალანდა, მომაქვს ყველასათვის სიმრთელე, სიხარული, გამარჯვება ყველაფერში... კარი გამიღე. ასეთ შეკითხვას რამდენჯერმე გაუმეორებდნენ და "მაკუჩხერიც" ამატებდა დალოცვას. ბოლოს კარს გაუღებდნენ, ყველას გადაკოცნიდა და უსურვებდა მრავალი კალანდის გათენებას. ამ დროს ფეხქვეშ გაუგორებდნენ გოგრას, შეახტებოდა ზედ, ფეხებით გახეთქავდა და იტყოდა: ღმერთო და კალანდა, ასე გაუხეთქე თავი ჩვენს მტერსა და ავის მდომელსა.

შემდეგ, მაკუჩხერი ვინმეს დააჭერინებდა გობს, ცალ ხელში ჩიჩილაკი ეკავა და დაიძრებოდა სახლის შემოსავლელად. თავისუფალი ხელიდან ღომის მარცვალს აიღებდა და დაიწყებდა მოყრას, თან ილოცებოდა: კალანდა ასე გაამრავლე ჩვენი ძე და მომავალი, ამდენი ბედი მოგვეც, ამდენი სიხარული, ამდენი საქონელი, შინაური ფრინველი. სახლს სამჯერ რომ შემოუვლიდა, დილით წყაროდან მოტანილ ახალი წყლით მორწყავდა იატაკს, ამით კალანდას შესთხოვდა იმდენ წვიმას, რაც საჭირო იქნებოდა ყანებისა და მცენარეებისათვის, გვალვისა და მისი შედეგებისაგან დასაცავად. სახლს რომ შემოუვლიდნენ შიგნიდან მთელი ოჯახი გობს შემოუჯდებოდა გარშემო და ყველანი სათითაოდ მოსტეხავდნენ ცოტა პურს, მოსჭრიდნენ ცოტა ხორცს და პირში ჩაიდებნდნენ.

სახლის დალოცვას რომ მორჩებოდა ოჯახის უფროსი, შემოივლიდა დამხმარე შენობებსაც -  ბოსელს, საღორეს, საქათმეს, სასიმინდეს თუ სხვას. ცალ ხელში ჩიჩილაკით, ხოლო მეორე ხელით ღომის მარცვალს ჰფანტავდა და ილოცებოდა: "ასე გამრავდლით, ასე გამრავლდით". როცა ყველას მიულოცავდა ახალ წელიწადს, მაკუჩხერი შემოდიოდა სახლში, სადაც ტაბლა იყო დადგმული და საუზმე გამზადებული. საუზმეზე ყველას სადღეგრძელოს სვამდნენ. საუზმეზევე ფეხებზე ქალამანს გაიძრობდა, ცალ ხელში ჭიქას დაიჭერდა და წავიდოდა ეზოში მდგარი ბროწეულის ბუჩქისკენ. რომ მიუახლოვდებოდა, თაყვანს სცემდა და ეტყოდა: "მრავალ კალანდას დაგასწროს, შენს სადღეგრძელოს ვსვამ!"

იოსებ შენგელია ამბობს, რომ საკალანდოდ მეგრელები აცხობდნენ ხაჭაპურებს და ბასილას (ბუნების ძალთა აღორძინებისადმი მიძღვნილი რიტუალური პური), რომელსაც გიდელში ჩააწყობდნენ და გოგონას მარნისაკენ გაატანდნენ. იმავდროულად მარნიდან გოგონას შესახვედრად ბიჭი გამოდიოდა ღვინიანი დოქით ხელში და მათ შორის გაიმართებოდა ჭიდილი. გამარჯვებულს ნადავლი მარანში შეჰქონდა. თუ ბიჭი გაიმარჯვებდა ეს იმის ნიშნად ითვლებოდა, რომ იმ წელს პურისა და ღვინის კარგი მოსავალი ექნებოდათ. გოგონას გამარჯვება კი აბრეშუმის მოსავლის სიუხვის მომასწავებელი ნიშანი იყო.

"მარანში იცოდნენ ასევე საწნახელისთვის ჯოხის დარტყმა და თან მღეროდნენ. "ჯუჯელია, ჯუჯელია - ჩქიმ მამულის ყურძენი დო შხვაშ მამულის ფურცელია" - ჩემს მამულს ყურძენი და სხვისას ფურცელიო. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა ჯუჯელიას მნიშვნელობა გაურკვეველიო, თუმცა ვარაუდობდა, რომ ჯუჯელია მევენახეობის წარმართი ღვთაება უნდა ყოფილიყო. საწნახელის "ცემის" დროს წარმართულ ღვთაება აგუნას შესთხოვდნენ ბარაქიანობას. ასევე გავრცელებული იყო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ახალ წელს გარეული ნადირი უნდა მოეკლათ, რაც მტერთან ბრძოლის და მასზე გამარჯვების სიმბოლოდ აღიქმებოდა".

სამეგრელოში, ისევე როგორც საქართველოს თითქმის ყველა სხვა კუთხეში, შობის დღესასწაულისთვის ღორს კლავდნენ და მის მოხარშულ თავს საშობაო გობზე დებდნენ. ასეთი გობის მთავარი ნიშანი იყო მასზე დანთებული სანთლები. ღორის თავთან ერთად დებდნენ სარიტუალო, საშობაო-საახალწლო ღვეზელს, მოხარშულ ქათამს, ხილს, ხაჭაპურს, ტკბილეულს, ჩურჩხელებს, ფულს, ღვინით სავსე ბოთლს. შობის დილით ოჯახის უფროსი დაილოცებოდა ღვინით და ამის შემდეგ იწყებდნენ მისვლას მეზობლებთან და ნათესავებთან.

რაც შეეხება ახალ წელს აფხაზეთში, ეთნოლოგი გვიყვება, რომ მას "ხეჩხუამას" ან "აჟირნიხუას" უწოდებენ. მას, ისევე, როგორც მეგრელები, აფხაზებიც 14 იანვარს ზეიმობდნენ და ეს დღე განახლებისა და სამყაროს შექმნის სიმბოლოდ მიაჩნდათ. ახალ წელს აფხაზები საკრალურ ხესთან რიტუალს აღასრულებდნენ, რომლის შესრულებაშიც მთელი ოჯახი იღებდა მონაწილეობას.

როგორც სამეგრელოში, ისე აფხაზეთშიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მეკვლეობის ტრადიციას. აფხაზ მეკვლესაც აუცილებლად უნდა ჰქონოდა ჩიჩილაკი. ასევე სპეციალურად ამ დღისთვის გამომცხვარი კვერები. მეკვლე ოჯახში შემოსვლისას ოჯახის კეთილდღეობაზე და ბარაქიანობაზე ლოცულობდა.        

"აფხაზეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში სამჭედლო წმინდა ადგილს წარმოადგენდა და აფხაზების ყველაზე მნიშვნელოვანი საახალწლო რიტუალიც სამჭედლოში სრულდებოდა. ახალი წლის დადგომამდე ოჯახის წევრები სამჭედლოში იკრიბებოდნენ, მფარველ ღვთაებას მსხვერპლად სწირავდნენ თხას და მის მიმართ ლოცვას აღავლენდნენ. ლოცვის დასრულების შემდეგ გრდემლზე დაკრავდნენ უროს და "შაშვს" (მფარველი ღვთაების სახელი) ბედიანობას და დღეგრძელობას შესთხოვდნენ".

სამჭედლოში შესრულებული საახალწლო რიტუალები არც სამეგრელოსთვის იყო უცხო, - ამბობს ჩვენი სტუმარი.

"ახალ წელს მეგრელი მეკვლეც შედიოდა სამჭედლოში, ფეტვს მოაბნევდა, წყალს მოასხამდა და საახალწლოდ დაილოცებოდა. მეგრელი მჭედლები აგრეთვე ლოცულობდნენ "ხეხუნჯობას", რომელიც შაბათ საღამოს ან კვირა დილით სრულდებოდა. ისინი აიღებდნენ სანთლებს და მიაკრავდნენ გრდემლს, იქვე დააწყობდნენ ხელსაწყო იარაღებს და ლოცვას აღავლენდნენ წმინდა სოლომონის სახელზე, რომელიც ითვლებოდა მჭედლების მფარველად.

სამჭედლოში ჩატარებული ლოცვის რიტუალის დასრულების შემდეგ აფხაზები საახალწლო სუფრას მიუსხდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მეგრულ-აფხაზური საახალწლო კერძები დიდ მსგავსებას ავლენენ ერთმანეთთან. აფხაზების საახალწლო სუფრაზე შეხვდებოდით გებჟალიას, ნიგვზიან მჭადებს, ყველის კვერებს, რომელსაც აკვაკვარას ეძახდნენ. "აკვაკვარა" ეტიმოლოგიურად ძალიან ახლოს დგას მეგრულ "კვართან", რომელიც ასევე ყველიანი კვერია და სხვა ბევრ ისეთ კერძს, რომელიც მეგრელების საახალწლო სუფრისთვისაც არ გახლდათ უცხო".

იოსებ შენგელიას თქმით, ჩამოთვლილი წეს-ჩვეულებების და რიტუალების უმრავლესობა დღეს უკვე შემორჩენილი არაა, თუმცა, ტრადიციების ნაწილი, სახეცვლილად აღინიშნება და უფრო სიმბოლური დატვირთვის მატარებელია.


ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „ათინათი“ და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.