მულტიმედია
ზუგდიდის უხუცესი დალაქი (ფოტო/ვიდეო)
შოთა ჭითანავა ქალაქის ყველაზე სტაჟიანი დალაქია. თითქმის 75 წელია, ის ზუგდიდელთა ვარცხნილობასა და წვერ-ულვაშზე ზრუნავს. ვინც კი ბატონ შოთასთან ერთხელ მაინც ყოფილა, ყველამ იცის, რომ 91 წლის პარიკმახერი სათვალეს არ იკეთებს, თუმცა მომხმარებლებს თმას ყოველთვის ერთნაირი სიზუსტით ჭრის.

პროფესიას 16 წლისა მამის რჩევით დაეუფლა და მას შემდეგ სხვა საქმისკენ არ გაუხედავს. ფინეთში, სავალდებულო სამხედრო-საზღვაო სამსახურშიც კი მეზღვაურებსა და სამხედროებს კრეჭდა.

"სწავლა არ მიყვარდა დიდად, მირჩიეს, "შოფრობა" არ ვარგა, ეს უკეთესიაო", - ღიმილით იხსენებს შოთა ჭითანავა, - "ბესარიონ კიკალიშვილმა მასწავლა თმის შეჭრა, 4 თვე გვერდით ვედექი და ვსწავლობდი... მერე ჩემი ადგილი მომცეს და ვმუშაობდი. ახლა რომ კინოა, იმის გვერდით იყო საპარიკმახერო. 51-ში ჯარში წამიყვანეს, ფინეთში კუნძულ პორკალა უდდზე. იქაც პარიკმახერი ვიყავი, ვპარსავდი მეზღვაურების, უფროსობას".

გვიყვება, რომ ადრე მასთან მოსახვედრად რიგები იდგა. შოთასთან თმას იჭრიდნენ ქალაქის ხელმძღვანელები და ჩამოსული სტუმრები. იცვლებოდნენ თაობები და სადალაქოს კედლებს ყოველწლიურად ახალი ისტორიები ემატებოდა. განსაკუთრებულად ამაყობს, რომ ზვიად გამსახურდიაც მისი ხშირი სტუმარი იყო.

"არიან ისეთები 20-30 და მეტი წელი რომ დადიან, ბავშვობიდან, ბევრია ასეთი. სკამებზე რომ ადიოდნენ, ისეთი ბიჭები, უკვე ხანშიშესულები არიან... უსწავლელი კაცისთვის არაუშავდა, არ ვჩიოდი, პურის ფული სულ მქონდა. ბევრი კლიენტი მყავდა, ყოველთვის რიგები მქონდა... "ვეფხისტყაოსანი" ვიცოდი ზეპირად და ხშირად ვუკითხავდი შეჭრის პროცესში. ჩემი პლეადის ხალხი დამთავრდა უკვე, თორემ თავის დროზე რა უჭირდა, კარგად მქონდა საქმე", - გვიყვება შოთა ჭითანავა.

რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, მომხმარებელმაც რადიკალურად იკლო. ახლა დალაქი დღის განმავლობაში მაქსიმუმ ორ კაცს თუ მიიღებს, ზოგჯერ კი მასთან არც არავინ შედის.

"რამდენიმე თვე რომ ჩაიკეტა ყველაფერი, აი მას მერე აღარ მოდიან. შუქს სპეციალურად ვტოვებდი, იქნებ ასე მიმხვდარიყვნენ რომ ვმუშაობ და მოსულიყო ვინმე, მაგრამ არავინაა მაინც. ახლა სულ დავდივარ, მაგრამ არაა ხალხი. ან ეშინიათ, ან ფული არ აქვთ. უმეტესად ფული არ აქვთ, ერთმა კაცმა მითხრა, კი მოვიდოდი, მაგრამ რა ვქნა, ფული არ მაქვსო, რაა მერე, მოდი მეთქი... ყოველთვის მქონდა სამუშაო, ახლა კი არ მახსენდება სამი კაცი ყოფილიყოს დღის განმავლობაში. განა ღირს აქ სიარული, მაგრამ 91 წლის ვარ, სხვა რის გაკეთება შემიძლია. პურის ფულია ჩემთვის... პანდემიამდე კიდევ არამიშავდა, მერე კი ძაან გართულდა ყველაფერი. ეს რა ეშმაკმა შემოიტანა არ ვიცი, ყველას უშლის ხელს. მდიდარს და ღარიბს არ არჩევს, არც თანამდებობის კაცს, არც უბრალო გლეხს...ყველასთვის უბედურებაა ბაბუ", - წუხს მოხუცი.
91 წლის შოთა ჭითანავა თავს კარგად გრძნობს, სჯერა, რომ ეს მისი კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამსახურებაა.

"ნიორს ვიყენებ ყოველთვის, სახლში სუპს ვაკეთებ, ქონდარს, ნიორს ვუკეთებთ ბლომად, წიწაკას სულ. ბავშვსაც ვაძლევ, არც ის ყოფილა ავად, არც მე. აქაც თუ დამაცემინა, უცებ ნიორს ავიღებ, დავღეჭავ", - იცინის და კარადაში გადანახულ ნივრის მარაგს გვიჩვენებს.ჯერჯერობით კოვიდსაც გადაურჩა, თუმცა აცრის დიდი სურვილი აქვს. მისთვის რთულია რეგისტრაციის და რიგში დგომის პროცესი, ამიტომ მიიჩნევს, რომ აცრა ასაკოვანი ადამიანებისთვის უფრო მარტივად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.


"ვიკითხე და ჯერ აღრიცხვაზე უნდა დადგეო, მერე უნდა მიხვიდეო. თუ გამიკეთებენ, გამიკეთონ, ან თუ მითხრეს, მოდი გაგიკეთებთო, მივალ. ახლა აღრიცხვაზე დავდგე, ველოდო, ვიარო სადღაც... დარეგისტრირება უნდაო, ამდენი სიარული სად შემიძლია. მითხრან სად მივიდე და მივალ... უარს არ ვიტყვი", - ამბობს შოთა ჭითანავა.

დალაქობის გარდა, სოფელში საკუთარ ეზოს, ხილ-ბოსტანს, შინაურ ფრინველსა და ცხოველს უვლის. მარტომ გაზარდა შვილიშვილი, რომელზეც ყველაზე დიდი სიყვარულით გვესაუბრება.

"ცოლი ახალგაზრდა გარდამეცვალა. უფროსი შვილი სოჭში არის ოჯახით, მეორე შვილის ბიჭს კი მე ვზრდი ბავშვობიდან. ბაღი, სკოლა ყველა მეხმარებოდა მის გაზრდაში. 14 წლის იქნება აგვისტოში, მერვეკლასელია. შეუძლია დედასთანაც, მამასთანაც წასვლა, მაგრამ არ მიდის, ჩემთანაა მაინც. საოჯახო საქმეებში მეხმარება, უფალზე ნაწყენი არ ვარ, ბავშვები იყვნენ კარგად, ეს მინდა მხოლოდ. ერთი შვილთაშვილი 7 წლისაა, ჯერ არ მინახავს და მპირდებიან წელს ჩამოვიყვანთო".

ყველაზე მეტად სწორედ ამიტომ უნდა, რომ პანდემია და მისით გამოწვეული შეზღუდვები მალე დასრულდეს, რომ დიდი ხნის უნახავი შვილი და შვილიშვილიც ნახოს და დროებით დაკარგული კლიენტებიც დაიბრუნოს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.