მულტიმედია
ზუგდიდელი ორსულები - ახალი სიცოცხლის მოლოდინში პანდემიისას (ფოტო/ვიდეო)
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ორსული ქალებისთვის სიხარულიც და მღელვარებაც გაორმაგდა. ზუგდიდელი ორსულებისთვისაც ახლა მთავარი საზრუნავი კორონავირუსისგან საკუთარი თავის და მუცლადმყოფი ბავშვების დაცვაა. საკუთარ განცდებსა და განწყობაზე რამდენიმე ფეხმძიმემ რადიო "ათინათთან" ისაუბრა.


24 წლის მარიამ მჭედლიშვილს პირველი შვილი ოქტომბრის ბოლოს ეყოლება. 7 თვის ორსული დედობისთვის განსაკუთრებული ემოციით ემზადება და მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე "საპასუხისმგებლო სამსახურია".

"გახარებული ვარ, რომ საშუალება მომეცა გავხდე დედა. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ, ალბათ ყველა დამეთანხმება, გამოცდილ დედად არავინ იბადება, თუმცა, იმედი მაქვს, ყველაფერს ღირსეულად გავუმკლავდები. ექიმთან კონსულტაციაზე 1-1.5 თვეში ერთხელ დავდივარ. მისვლისგან თავს არ ვიკავებ, ვიცი, რომ აუცილებელია ყველაფერი კარგად ვაკონტროლო. ყველაფერი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს და შესაბამისად, შიში არ მაქვს", - გვიყვება მარიამი.

პანდემიით გამოწვეული რეგულაციები თავიდან აშინებდა და შეჩვევაც გაუჭირდა, თუმცა მაღაზიაში პირბადის გარეშე შესვლა ახლა უკვე ვერ წარმოუდგენია. ფიქრობს, რომ ამ პერიოდში მისი პასუხისმგებლობა გაორმაგებულია, რის გამოც გარშემომყოფებთან კონტაქტი მინიმუმამდე დაიყვანა. ძირითადად, ოჯახის წევრებთან აქვს ურთიერთობა და ცდილობს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს.

"მაშინ, როდესაც პირველად გამოჩნდა ვირუსი, ლოქდაუნი, ყველგან პირბადე, კომენდანტის საათი, - ძალიან გამიჭირდა. ახლა, სიმართლე გითხრათ, მივეჩვიე, შესაბამისად, რეგულაციების დაცვა საერთოდ არ მიჭირს და არც მზღუდავს. მიუხედავად ყველაფრისა, დღევანდელი ეპიდვითარება ძალიან მაშინებს და ვფიქრობ, რომ ვაქცინაცია და ყველა რეგულაციის დაცვა ერთადერთი გამოსავალია, რომ ვერაგი ვირუსი დავამარცხოთ", - ამბობს ორსული, რომელიც რამდენიმე დღის წინ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

"აცრის შემდეგ თავს ზუსტად ისე კარგად ვგრძნობ, როგორც მანამდე, უბრალოდ, უფრო მშვიდად, რადგან ვიცი, ვაქცინირებულები ვართ მე და პატარა".

ამბობს, რომ ვაქცინის გაკეთება მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, თუმცა გაითვალისწინა საკუთარი გინეკოლოგის და გამოცდილი ექიმების რეკომენდაციები, წაიკითხა ბოლოდროინდელი კვლევები და გაეცნო ბევრ ინფორმაციას. მიიჩნევს, რომ ამით მომავალი შვილი დაიცვა და გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
"ყველაზე რთული პანდემიის პერიოდში იყო ის, რომ ამ ვირუსის გამო გამზრდელი ბებია დავკარგე იანვარში. ვერც გადმოვცემ, რა გადავიტანეთ მე და ჩემმა ოჯახმა. შესაბამისად, შიში და ზიზღი covid 19 -ის მიმართ გამიმძაფრდა. რაც გავიგე ორსულობის შესახებ, ვცდილობ ყველას მოვერიდო. მეგობრებიც, ახლობლებიც, ოჯახის წევრები ცდილობენ მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ. განსაკუთრებული ზომები მაქვს მიღებული დღესაც, რადგან პანდემია ამ წუთისთვის უკონტროლოა და დაავადებულთა რიცხვი ძალიან მაღალი. შესაბამისად, იზოლირებული ვარ სახლში და მინიმუმამდე მყავს დაყვანილი საკონტაქტო წრე".



ტყუპი გოგონების დედა ნინო სექანია დეკემბერში მესამე შვილს ელოდება. 32 წლის მეან-გინეკოლოგს საკუთართან ერთად სხვა ორსულების ჯანმრთელობაზეც უწევს ზრუნვა. გამომდინარე იქიდან, რომ ფეხმძიმობის პერიოდში თავს კარგად გრძნობს, სამსახურში ყოველდღე დადის.

"ორსულობას პაციენტის ამპლუაში არ უნდა უყურო, ამ მდგომარეობას ჯანსაღი თვალით უნდა შეხედო და არა ისე, როგორც ორსულების უმრავლესობა, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დადიან ექიმთან, რომ მედიკამენტები დაუნიშნონ. პროფესია არ მაძლევს იმის უფლებას , რომ პაციენტებს, ორსულებს, კოლეგებს ჩამოვშორდე და მოვერიდო", - ამბობს ნინო.

დეკემბერში, როცა მისი კოლეგების უმრავლესობა დაინფიცირდა, კორონავირუსით ნინოც დაავადდა. ავადმყოფობის გამო 18 დღე იზოლაციაში გაატარა, შემდეგ კი ჩვეულ განრიგს დაუბრუნდა. თუკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს იმშვიდებდა იმით, რომ ანტისხეულების მატარებელია, ორსულობის დადგომისთანავე ვაქცინაციის აუცილებლობაზე დაფიქრდა.

"ძალიან შემაშინა იმ ფაქტმა, რომ თუ ვაქცინას არ შემოიღებდნენ საქართველოში, ვერ გადავიტანდი ამ დაავადებას. ღვთის წყალობით, როგორც კი ჯანმომ დაამტკიცა, რომ ორსულებისთვის მიღებული იყო ვაქცინირება, ერთი საათის განმავლობაში ძლივს მოვახერხე დარეგისტრირება და აცრაც კი იმ დღესვე გავიკეთე. ამ ეტაპზე ორივე დოზა გაკეთებული მაქვს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა აცრას ამასაც აქვს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ამან არ უნდა შეაშინოს ხალხი. აი თუნდაც ბავშვებს, რომ უკეთებენ. ისინი ხომ რამდენიმე დღე ებრძვიან აცრის გვერდით ეფექტებს", - გვეუბნება ექიმი.


წუხს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც აცრაზე უარს ამბობს. მიიჩნევს, რომ ადამიანებმა ინფორმაცია კომპეტენტურ პირებისგან უნდა მიიღონ და ყველა სახის ეჭვი ასე გააქარწყლონ.

"პაციენტებთან და ორსულებთან მიმართებაში გვაქვს საექიმო ვალდებულება, რომ კარგად ავუხსნათ და გადავცეთ ის ინფორმაცია თუ რამდენად საჭიროა ვაქცინა. მადლობა ღმერთს, ძალიან ბევრი გვეთანხმება და უკვე ორსულებსაც აღარ ეშინიათ აცრის. რა თქმა უნდა, აცრილი ადამიანიც არაა დაცული ბოლომდე და შეიძლება დაავადდეს, მაგრამ ძალიან ადვილად გადაიტანს. აცრა არ მოქმედებს ნაყოფზე, არც დედაზე. ჩვენი თხოვნაა ავიცრათ, რათა ერთმანეთი გადავარჩინოთ", - თქვა ნინო სექანიამ.



35 წლის მაგდალინა თოდუა მეორე შვილის დედა ნოემბერში გახდება. გვიყვება, რომ ახალი სიცოცხლე სიხარულთან, დიდ ემოციასთან და ბედნიერებასთანაა დაკავშირებული, თუმცა მსოფლიოსა და საქართველოში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ბევრს ნერვიულობს და განიცდის.

"პირველი ორსულობისგან განსხვავებით, ახლა მუდმივად მაქვს შიშის განცდა, რომ არ დავინფიცირდე და მდგომარეობა არ გამირთულდეს. მოგეხსენებათ, ორსულები ერთ-ერთი რისკ-ჯგუფია. არ აქვს მნიშვნელობა ეს პირველი შვილი იქნება თუ მეორე - ნებისმიერი მშობლისთვის უმთავრესია შვილი ჯანმრთელი მოევლინოს ქვეყანას. ერთხელ უკვე გადატანილი მაქვს ვირუსი და თან საკმაოდ მძიმე ფორმებით, ვიყავი ჰოსპიტალიზებული, ამიტომ ვცდილობ ორმაგად ფრთხილად ვიყო და გავუფრთხილდე ჩემს პატარას", - ამბობს ორსული.

ახლა მაგდალინას ჯანმრთელობაზე მთელი ოჯახი, განსაკუთრებით კი მეუღლე ღელავს. ცდილობენ ყველა შესაძლო წესი დაიცვან და ფეხმძიმე ქალს მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ. მუდმივად აქვთ კონტაქტი ექიმთან და რეკომენდაციებს საგულდაგულოდ ასრულებენ.

"ვცდილობ, ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გავითავისო და ვირუსის გავრცელების პრევენციას შევუწყო ხელი. ვატარებ პირბადეს, ვიცავ დისტანციას, სულ თან მაქვს სადეზინფექციო ხსნარი, ნაკლებად მაქვს კონტაქტი გარშემომყოფებთან, რაც ბუნებრივია რთულია, თუმცა აუცილებელი. ვიტყოდი, რომ კორონავირუსმა ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაგვიყვანა და ჩამოგვიყალიბა ერთგვარი მექანიზმი, თუ რა სიხშირით ან დისტანციაზე უნდა ვიყოთ ადამიანები ერთმანეთთან. როგორც ყველას, მეც მენატრება ურთიერთობები, ნათესავები, მეგობრები, სამსახური, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ არამარტო საკუთარ თავზე, არამედ ოჯახზე, გარშემომყოფებზე და ასევე, რაც მთავარია, სამედიცინო პერსონალზე, რომელიც ბოლო ორი წელია უბრალოდ გადაიღალა...ადამიანებზე, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან".

გამომდინარე იქიდან, რომ ორსულობის ბოლო თვეები რთულად მიმდინარეობს, მაგდა ჯერ არ აცრილა, თუმცა მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა დაავადების დასამარცხებლად.

"თუ ახლა ვერ მოხერხდა ჩემი ვაქცინაცია, აუცილებლად ავიცრები, როგორც კი პატარა მოევლინება სამყაროს. ვალდებული ვარ ავიცრა, რათა გადავარჩინო ჩემი, თქვენი და ყველას სიცოცხლე. ჩემი მეუღლე 26 აგვისტოს უნდა აიცრას და ძალიან მიხარია. ვურჩევდი ყველას, თუ აქვთ ჯანმრთელობის შესაბამისი მდგომარეობა და აქვთ ექიმისგან ნებართვა, აუცილებლად აიცრან, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გადავარჩინოთ სამყარო".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.