მულტიმედია
აშილ მიურატის ვენახები სამეგრელოში (ფოტო/ვიდეო)
დადიანების ოჯახის ურთიერთობას საფრანგეთის საიმპერატორო კართან საფუძველი ჩაეყარა სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ XIX საუკუნის მეორე ნახევარში. სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელმა დედოფალმა, ეკატერინე ჭავჭავაძემ, შვილებთან ერთად, პარიზში ყოფნისას სამეფო ოჯახის წევრები და მათი ახლო ნათესავები გაიცნო. 1868 წელს ეკატერინეს ქალიშვილი, სალომე დადიანი ცოლად გაჰყვა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის დის შვილიშვილს, პრინც აშილ მიურატს.

აშილ მიურატი
„ფრანგული პრესა დიდ ადგილს უთმობდა ქორწინების აღწერას, ჯვრისწერას პარიზში ტიულრის სასახლის ეკლესიაში ესწრებოდნენ საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III და დედოფალი. მათ 3 შვილი შეეძინათ. ლუსიენი, ნაპოლეონი და ანტუანეტა. აშილმა სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა, მიიღო ლეიტენანტის წოდება. თუმცა მოგვიანებით, ის ჩამოშორდა პოლიტიკას, დატოვა საფრანგეთი და ოჯახთან ერთად ჩამოვიდა სამეგრელოში. აშილი ზუგდიდში დასახლდა მეუღლის მამულში“,- გვიყვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის გიდი, სოფიო კობახიძე.

სალომესა და აშილის ჯვრისწერა. პარიზი

ქართულ-ფრანგული პრესა წერდა: ,,ცოტა არ იყოს უკვირდათ, რომ პრინცის უბრალო ქცევაში, არავითარს ამაო მედიდურობას ვერ ჰპოვებდნენ. მისი ჭკვიანი სახე, სიმშვიდე და ლაზათიანი ქცევა და დარბაისლური ბაასი ამტკიცებდა, რომ ის იყო დიდს საზოგადოებაში
აღზრდილი“.
სამეგრელოში ჩამოსულ აშილს ეკატერინემ უბოძა მამულები ჭკადუაშსა და სალხინოში. აშილმა თავის მამულში ევროპულ ყაიდაზე კარგი მეურნეობა მოაწყო. აშენებდნენ, როგორც ფრანგულ, ისე ადგილობრივი ყურძნის ჯიშებს, მათ შორის, ოჯალეშს. 

სალომე დადიანი

ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი დიდი ქებით იხსენიებს სამეგრელოს ღვინოებს: ,,სამეგრელოს ღვინო საუცხოოა, იგი მაგარი და ბლანტია, მეტად სასიამოვნოა სასმელად და კუჭისთვისაც მარგებელია. მთელ აზიაში უკეთესს ვერაფერს დალევ“. დავით დადიანის 1852 წლით დათარიღებულ წერილში ვკითხულობთ: ,,უპირველესი ღვინო არის ოჯალეშისა, რომელიც მოდის სალხინოს მაღალს ხურმის ხეებზე შეშვებული ვენახის ნაყოფითაგან’’. 

საფრანგეთში დაბეჭდილი ოჯალეშის ბოთლის ეტიკეტი

1848 წლის აღდგომას დადიანებთან სტუმრად მყოფი ფრანგი ქართველოლოგი მარი ბროსე აღნიშნავს: ’’არც დარბაზში, არც ბაღში, არსად მე არ შემინიშნავს ერთი კაციც, რომელსაც ღვინოში დაეხრჩოს თავისი ჭკუა-გონება და ღმერთმა კი იცის რა ნექტარიც რამ არის ოჯალეში. მეტადრე ახალი, სხვა ღვინოებთან გარეული მთავარმან მოატანია ჩვენთვის 18 წლის ოჯალეში. სასმელად ცოტა მაგარი, მაგრამ კარგი, მე არ შემიძლიან არ შევადარო ის საუკეთესო ბორდოს, საქართველოში იმის მეტოქედ მე არ ვიცნობ სხვა ღვინოს, გარდა ატენის ღვინისა. მთელ დედამიწაზე იმას მარტო ტოკაის ღვინო თუ სჯობია’’. 

მიურატების ვენახები

როგორც ცნობილია დიდი შრომა გასწიეს მიურატებმა სოფელ ჭკადუაშში ვენახის პლანტაციების გაშენებისას. მუზეუმის გიდი გვიყვება, ადგილები, სადაც აშილ მიურატმა ვენახის პლანტაციები გააშენა უკაცრიელი და ეკალ-ბარდებით ყოფილა დაფარული. „ აშილ მიურატი როგორც უბრალო მუშა გამოდიოდა თურმე სამუშაოდ. ბარავდა, ხნავდა, რგავდა. ამით ადგილობრივებს კარგ მაგალითს უჩვენებდა. ვენახს ყოველწლიურად ახალი ძირები ემატებოდა და წელიწადში 1000 ფუთამდე ღვინოს ამზადებდნენ“,- ამბობს სოფიო კობახიძე. 

საფრანგეთში დაბეჭდილი ოჯალეშის ბოთლის ეტიკეტი

მიურატების მიერ დაყენებული ღვინო იყიდებოდა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იგზავნებოდა რუსეთსა და ევროპაში. საფრანგეთში გასაგზავნი ოჯალეშის ბოთლის ეტიკეტები დაცულია დადიანები სასახლეში, ის საფრანგეთში იბეჭდებოდა.

საფრანგეთში დაბეჭდილი ეტიკეტი

პარიზის ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე წარდგენილმა ოჯალეშმა უმაღლესი ჯილდო - დიდი ოქროს მედალი დაიმსახურა.
აშილისა და სალომეს შვილები - ანტუანეტა, ლუსიენი და ნაპოლეონი

ღვინის დასამზადებელი და შესანახი მარან-სარდაფები მოწყობილი ჰქონდათ სალხინოსა და ჭკადუაშში. დამზადებულ ღვინოებს კი კასრებში ასხამდნენ. ყურძნის დაწურვა და ღვინის დაყენებაში ქართულ ტრადიციებს მისდევდნენ, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით დამზადებისათვის უმთავრესად ევროპულ ტექნოლოგიას იყენებდნენ. 

ოჯალეშის ღვინის ბოთლი

„ღვინის ასეთი წარმოება და ექსპორტზე გატანა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების ის ნაწილი იყო, რომელიც ჩვენი კუთხის ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებდა, რასაც საფუძველი დადიანებმა ჩაუყარეს, შემდეგში მიურატებმა გააგრძლეს“, - ამბობს სოფიო და დასძენს, რომ ამ ყველაფერმა ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში წარუშლელი კვალი დატოვა. 

საფრანგეთში დაბეჭდილი ოჯალეშის ბოთლის ეტიკეტი

ეჭვგარეშეა, რომ სამეგრელოში მიურატებსა და დადიანებს ჰქონდათ ოჯალეში, ცოლიკაური, კაჭიჭი, საფერავი, კაბერნე, ფორტუგე, მალვაზის, შავა და სხვა ჯიშები. მათ პლანტაციებში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ოჯალეშს და ამ ყურძნის ჯიშისგან დამზადებულ ღვინოს.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.