უნებლიე ეკოციდი თუ სამსახურებრივი გულგრილობა - რატომ გაივსო ენგურის სანაპირო თევზით (ფოტო/ვიდეო)
19:23 / 05.02.2021
ზამთრის ერთ დღეს ენგურისპირა სოფლების მცხოვრებლებს მდინარეში უჩვეულო სურათი დახვდათ. მდინარის სანაპირო უთვალავი, სხვადასხვა სახეობისა და ზომის თევზით გაივსო. ადგილობრივები ორი დღის განმავლობაში იოლად იჭერდნენ ნაპირზე გამორიყულ თევზს, ასობით კილოგრამი მოგროვდა. ზოგმა შინ წაიღო, ზოგმა გაყიდა კიდეც, სოციალური ქსელი კი უზარმაზარი თევზების ფოტოებმა მოიცვა. იმ დროს ამ უჩვეულო მოვლენის მიზეზებსა და შედეგებზე არავის უფიქრია.
"წყალმა გამორიყა სანაპიროსკენ ძალიან ბევრი თევზი. აქაურებიც, ქალაქიდან ჩამოსულებიც, ყველა იჭერდა. არანაირი სპეციალური ხელსაწყო არ იყო საჭირო რომ გეთევზავა. თქვეს, რომ წყალი გაუშვეს ჰესის სარემონტო სამუშაოები რომ დაიწყო და წამოვიდა დაბინძურებული წყალი, თევზი არ ჩერდებოდა ასეთ წყალში და გამოდიოდა ნაპირზე. ასე იჭერდა ყველა ვისაც სურვილი ჰქონდა. ვიღაცებმა გაყიდეს კიდევაც", - გვიყვებიან ადგილობრივები.
გასულ კვირას, როდესაც ენგურჰესი სარემონტო სამუშაოებისთვის გაჩერდა და თაღოვან კაშხალთან დაგუბებული წყლის დაცლა დაიწყეს, წყალსაცავის ფსკერზე დაგროვებული დანალექით დაბინძურებულმა წყალმა თევზი გამოდევნა. ზუგდიდის მოყვარულ მეთევზეთა ჯგუფის წევრი, როინ შენგელია, პირველი იყო, ვინც მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. როინი ენგურის ეკოსისტემისთვის მიყენებულ ზიანზე საუბრობს და წუხს, რომ ენგურის ბინადარი იშვიათი სახეობის თევზები შესაძლოა სრულად განადგურდნენ.
"ეს გამოიწვია ენგურის თაღოვანი კაშხლიდან დაცლილი ბლანტი მასის წამოსვლამ, წყალს ვერ ვუწოდებდით ამას, ეს იყო წლობით დალექილი შლამი. წამოვიდა ეს ყველაფერი ერთბაშად, თევზებს ლაყუჩები დაეხშოთ, ჟანგბადის ცირკულირება არ ხდებოდა. სიღრმეებში მყოფი თევზი ფაქტობრივად გახდა იძულებული, წამოსულიყო წყლის ზედა ფენებისკენ, გაეცურა ნაპირისკენ, ეძებდა სუფთა წყალს. ჩემი შეხედულებით, შეიძლებოდა ეტაპობრივად გამოეშვათ ეს მასა და ასეთი ზიანი არ მიეყენებინა გარემოსთვის", - ამბობს როინ შენგელია.
ის მიიჩნევს, რომ თევზების განადგურებაში თავისი "წვლილი" მოსახლეობამაც შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებს თევზის მოპოვების პროცესში აკრძალული მოწყობილობები არ გამოუყენებიათ, როინ შენგელიას აზრით, თევზების ასე დახოცვა მორალურად გაუმართლებელი იყო.
"აქ უკვე ადგილობრივების მიერ მოხდა მასიურად იმ თევზის ამოღება, რომლის გადარჩენაც ალბათ ჯერ კიდევ იყო შესაძლებელი. იქნებ ამ თევზს სუფთა წყალი მოეძებნა, ან სხვა მდინარეში გადასულიყო, მაგრამ მოსახლეობაც ცოტა არ იყოს გულგრილად მიუდგა ამ საქმეს. ტერმინი შეიძლება ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ, ფაქტობრივად, უნებლიე ეკოციდთან გვაქვს საქმე, ზიანი მიადგა გარემოს, იქტიოფაუნას, შესაძლოა ფლორასაც... ზარალს ჩვენ ვერ ვამტკიცებთ და ვერ დავითვლით, მაგრამ ყველაფერი სახეზეა. ვისაც გული შესტკივა ბუნებაზე და წვლილი მიუძღვის გარემოს დაცვაში ალბათ ყველას ენანება ეს სიტუაცია", - გვითხრა მან.
მისივე თქმით, ლოქოს, კობრის, ქაშაყისა და სქელშუბლას გარდა ენგურში ისეთი იშვიათი სახეობებიც ნადგურდება, როგორიცაა კუდმერცხალა, რომელიც ენგურის შედარებით ახალი ბინადარია და მდინარის წყალს საკმაოდ კარგადაც შეეგუა.
"ენგურის ბინადარი იშვიათი ჯიშის თევზები, შეიძლება ითქვას, რომ გაწყდა. თუ წლების წინ ენგურს ჰყავდა ფარგა, ახლა აღარ არის, უკვე აღარ ბინადრობს. ასევე კაპარჭინა, რწამიც, ე.წ ჭერეხი. ანუ ეს თევზები ამოწყდა, ახლა უკვე სხვა თევზების ჯერი დადგება, თუ ასე გაგრძელდა. ახლა შედარებით ახალი იყო კუდმერცხალა, იგივე მორევის ნაფოტა, რომელსაც ბევრი ვერც ცნობს, ერევათ ხან ჭერეხში, რომელიც მართლა აღარ ბინადრობს ენგურში, ზოგიც ქაშაყს ამგვანებს", - ამბობს ის.
როინ შენგელია მიიჩნევს, რომ თუ ენგურში ვინმემ ლიფსიტები არ გაუშვა, მდინარის ეკოსისტემის ბუნებრივ აღდგენას 5-დან 10 წლამდე დასჭირდება.
"საქმე გვაქვს გულგრილობასთან, არ ვიცი სპეციალისტების მხრიდან, ვინც არ გაითვალისწინა ეს ფაქტორი. თუ შეიძლებოდა ამის აცილება, უნდა გაკეთებულიყო მაქსიმუმი. თუმცა იყო გამოხმაურება, სპეციალისტებმა აგვიხსნეს, რომ არ შეიძლებოდა სხვაგვარად, თურმე ერთბაშად უნდა ჩაერეცხათ ეს მასა და ამან გამოიწვია. მე ვერ გამოვდგები იმის მსაჯულად, რომ ვიღაცა არის ამაში დამნაშავე, უბრალოდ ვისაც ხელეწიფება გარემოს დაცვას, სამინისტროს, ყველა ჩინოსნებს და მესვეურებს, შემდგომშიც რომ არ განმეორდეს მსგავსი რამ, დავიზღვიოთ თავი, გავაკეთოთ რაც შეიძლება კარგად, ნორმალურად. კარგია ენგურჰესის რემონტი, მაგრამ ასეთი სურათი მივიღეთ", - წუხს როინ შენგელია.
ენგურჰესის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ თაღოვანი კაშხლიდან წყლის დაღვრის რეჟიმი დადგენილი წესებით რეგულირდება და ეს დოკუმენტაცია ენგურჰესის ექსპლუატაციაში გაშვების დღიდან მოქმედებს. მათივე განმარტებით, მდინარეზე ჩატარებული სხვადასხვა კვლევის შედეგად დადგენილია, რომ წყალში შეწონილი ნაწილაკების კრიტიკული ზღვარი 2450 მგ/ლ-ს შეადგენს, თუმცა ენგურჰესის თაღოვანი კაშხლიდან წყალგაშვების არც პირველ დღეს და არც მომდევნო პერიოდში, შეწონილი ნაწილაკების შემცველობა 1000 მგ/ლ-ს არ გასცდენია. ამ ეტაპისთვის წყალში შეწონილი ნაწილაკების შემცველობა კიდევ უფრო შემცირებულია და სხვადასხვა ლოკაციაზე 120-დან 700 მგ/ლ-მდე მერყეობს.
რაც შეეხება იქტიოფაუნაზე მავნე ზემოქმედებას, ენგურჰესში ამბობენ, რომ ამჟამინდელმა წყლის გაშვებამ, რასაც თავისთავად მოჰყვა წყლის შედარებითი ამღვრევა, მდინარის ბინადართა გარკვეული "აფორიაქება" გამოიწვია.
"ჩვეული გარემოს შეცვლამ განაპირობა არა თევზების დახოცვა, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებს, არამედ თევზის ნაპირთან მოახლოება. თუმცა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მოსახლეობამ აღნიშნული გარემოებით ისარგებლა და სხვადასხვა ლოკაციაზე მასობრივი თევზჭერა დაიწყო. თუ დავაკვირდებით გავრცელებულ ფოტოებს, ვნახავთ, რომ ნაპირთან მოახლოებული თევზის მოპოვების მიზნით გამოყენებულ იქნა სასოფლო-სამეურნეო იარაღები. კერძოდ, ნაჯახი და წალდი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ მომხდარიყო მათი უკანონო მოპოვება, მდინარეში წყლის ჩვეული რეჟიმის დაბრუნების შემდეგ, თევზებიც ბინადრობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდნენ", - აცხადებენ ენგურჰესში.
კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან აცილება და რა სტანდარტებით იხელმძღვანელეს ჰესის სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად, მათ შორის, კაშხლის დაცლისას, გვპასუხობენ, რომ წყლის ამღვრევასა და ლამის ჩაშვებას ტექნიკურად თავიდან ვერ აიცილებდნენ.
"ეს პროცესი წყალგაშვებას ნებისმიერ სეზონზე მუდმივად თან ახლავს და ჰესის ექსპლუატაციის თანმდევი პროცესია. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შეწონილი ნაწილაკების შემცველობა წყალში დადგენილ ზღვარს არ გასცდენია და არც მომავალში არ გასცდება. აღნიშნული მიმართულებით ქვედა ბიეფის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. შესაბამისად, ამის მტკიცებულება და მასალებიც მოგვეპოვება", - ამბობენ ჰესის ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, ენგურჰესი მუშაობს მდინარის ბიომრავალფეროვნების შესწავლაზე, მათ დაცვასა და მომრავლებაზე. ამისათვის დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. მაგალითად, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ, მდინარე ენგურის ქვედა ბიეფში ბიომრავალფეროვნების დეტალური კვლევა. კვლევის შედეგებიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე კი მდინარეში ბიომრავალფეროვნების საკონსერვაციო სამუშაოები და თევზსავალი გზების მოწყობა.
"ენგურჰესმა გასულ წელს მიიღო ISO 14001 გარემოსდაცვის საერთაშორისო სერტიფიკატი, რითაც აღიარებულია, რომ ეს არის კომპანია, რომელიც გარემოზე ზრუნავს. ამასთანავე, ამ საერთაშორისო აღიარებით ჩვენ გვაქვს გარემოზე ზრუნვის ვალდებულება და აღნიშნული მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ", - გვითხრეს ადმინისტრაციაში.
სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ბრალეულობის ამსახველი ფაქტების არქონის გამო, სამართლებრივი რეაგირების საფუძველი არ აქვთ.
"შეტყობინება რომ გვქონოდა ან უშუალოდ ფაქტი, ახლა რომ მივიდეთ და ეს რაღაცები ვარკვიოთ... ვინაიდან ოქმს ვერ ვადგენთ, თუ მტკიცებულებები არ წარვადგინეთ სასამართლოში, ამ წუთში კი არაფერი არ გვაქვს, რის საფუძველზეც ვიტყვით რომ რაიმე კანონდარღვევა მოხდა. ჩვენთან რაც არის და რაც მოვიძიეთ, არის ფოტოები, სადაც უბრალოდ თევზაობენ. სამოყვარულო თევზჭერა დაშვებული არის ყველგან, სამართალდარღვევის ამსახველი ან უშუალოდ ბრალეულობის ან მსგავსი არაფერი არ გვაქვს, ან მასალა, რომ მივმართოთ სასამართლოს. სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვს. თუ გამოიკვეთება რამე, აუცილებლად შეგატყობინებთ", - გვაპსუხობენ დეპარტამენტის პრესსამსახურში.
ადგილობრივი მოსახლეობისა და ყველა შესაბამისი უწყების გაფრთხილების საჭიროებაზე საუბრობს "მწვანე ალტერნატივა". ორგანიზაციის წარმომადგენელი, ირაკლი მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოების დაწყებამდე, შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანი იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარება, რაც თავის მხრივ, შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრასაც მოიცავს.
"საჭირო რამ კი იყო რეაბილიტაცია, მაგრამ როგორც წესი არის გარემოზე ძლიერი ზემოქმედება და ვფიქრობ, ასეთი საქმიანობა უნდა საჭიროებდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას. თუ არ საჭიროებს - ეს კანონმდებლობის ხარვეზია. სწორედ ეს შეფასება განსაზღვრავს შემარბილებელ ღონისძიებებს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობისა და შესაბამისი უწყებების გაფრთხილებას. თავისთავად ცხადი იყო, რომ ასეთი რამ მოხდებოდა და თუ სამინისტროს გარემოს ზედამხედველობამ არ იცოდა, რომ ეს უნდა მომხდარიყო, ეს მათ არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. რას ნიშნავს ზარი არ შემოსულა? სოციალური ქსელით ხომ გავრცელდა და ესეც ზარია, რომელმაც შეატყობინა. ჩანს, რომ ისინი უბრალოდ სირაქლემას პოზიციაში არიან და თავიდან ირიდებენ პასუხისმგებლობას. წინასწარი სამუშაოები უნდა ყოფილიყო აუცილებლად ჩატარებული... უნდა მომხდარიყო მაქსიმალურად ნელა დაცლა ამ წყალსაცავის და არა ზალპურად", - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ენგურის ეკოსისტემა აღდგენას დაიწყებს, თუმცა ზიანი იმდენად დიდი იქნება, რომ ამას წლები დასჭირდება.
,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეფერხება საქართველოს
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ, 17:00 საათზე მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები