სტატია
ზუგდიდის რომელ სოფლებს ეყოლება საერთო დეპუტატი საკრებულოში - საარჩევნო რეფორმა
ორშაბათს პარლამენტმა დაასრულა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე კანონის პროექტის განხილვა და  მესამე, საბოლოო მოსმენით, 86 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო. რეფორმას მხარი არ დაუჭირეს საპარლამენტო ოპოზიციიდან ფრაქციებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და „ლელო» - პარტნიორობა საქართველოსთვის“. საკანონმდებლო პაკეტის ავტორები არიან შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნებიდან“ და ლევან იოსელიანი „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებიდან“.

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი

რეფორმის შედეგად, იზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი წესდება.

საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება 17 წევრით, 8+9 პარიტეტის პრინციპით. ცესკოს თავმჯდომარე ახალი წესით აირჩევა. საარჩევნო ადმინისტრაცია კი, სამივე დონეზე შერეული სახის იქნება - 7 პროფესიული და 9 პარტიების მხრიდან დანიშნული წევრით. გარდა ამისა, შემოღებული იქნება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის პოზიცია.

რეფორმა ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს. ამასთან, კანონპროექტში საუბარია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვაზე. იკრძალება  კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

მოხდება ელექტრონული ტექნოლოგიების, ასევე უბნების 10%-ით შემთხვევითი გამოვლენის და მათი გადათვლის პრინციპის გამოყენება. დაუშვებელი იქნება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ უბნის მიერ შესწორების ოქმის შედგენა და ოლქის მიერ შესწორების ოქმის მხოლოდ გადათვლის შედეგად შეცვლა.

განისაზღვრება უბნების სავალდებულო გადათვლის მკაფიო კრიტერიუმები: განისაზღვრება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის წესების დაცვის პასუხისმგებლობის პირი; იზრდება საჩივრების მიღების ვადები და შეიქმნება მინდობილობების რეესტრი.

კანონპროექტის გათვალისწინებით, მოხდება საჩივრების ელექტრონული შეტანა, გასაჩივრდება სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმა.

შეიქმნება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, დავებზე და გადათვლის დაკვირვებისთვის.

რა შეიცვლება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში?

ამჟამად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 35 წევრისგან და პროპორციული საარჩევნო სისტემით  შესული 15 წევრისგან შედგება.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, ზუგდიდის საკრებულოს შემადგენლობა 5 დეპუტატით ნაკლები იქნება. კერძოდ, 15-მდე მცირდება მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა,  პროპორციული შემადგენლობა კი 30-მდე იზრდება. შესაბამისად, ნაცვლად 50 დეპუტატისა, საკრებულოში სულ 45 წევრი იქნება.

როგორ იცვლება საარჩევნო ოლქში საზღვრები?

საკრებულოს არჩევნებისთვის თვითმმართველ თემებში (გარდა თემების ადმინისტრაციული ცენტრებისა) შეიცვლება  ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების სახელწოდებები და საზღვრები.

რეფორმის შედეგად,  ქალაქის 5 ადმინისტრაციულ ერთეულს (ეგრისი, ენგური, ოდიში, კოლხეთი, მაცხოვრისკარი) ნაცვლად ამავე რაოდენობის დეპუტატისა, 3 მაჟორიტარი ეყოლება.

რუხისა და კახათის გარდა, მნიშვნელოვნად იცვლება სოფლების საარჩევნო საზღვრები. ერთიანდება რამდენიმე სოფელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად,  ჭითაწყარს, ცაიშსა და ურთას საკრებულოში ერთი წარმომადგენელი ეყოლება.

როგორ გაერთიანდა სოფლები (საარჩევნო საზღვრები)?

-ნარაზენი, აბასთუმანი და ახალსოფელი;

-დიდინეძი, ორულუ, ერგეტა და ანაკლია;

-ჩხორია და რიყე;

-რუხი;

-ყულიშკარი, ჯიხაშკარი, ალერტკარი და ჭაქვინჯი;

-ინგირი და ოქტომბერი;

-ოდიში, კორცხელი და ჭკადუაში;

-კახეთი

-კოკი, ორსანტია და ახალკახათი;

-დარჩელი და განმუხური

-შამგონა და ახალაბასთუმანი;

შეფასებები და მოსაზრებები

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი 20 განსაკუთრებულად მნიშვნელოვან სარეფორმო პუნქტს შეიცავს და მათგან მხოლოდ 5 პუნქტია 19 აპრილის შეთანხმებაში (შარლ მიშელის დოკუმენტი) გათვალისწინებული, დანარჩენი კი სამუშაო ჯგუფმა მუშაობის პროცესში გამოავლინა.

„მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმების მონაწილეებმა დღეს მხარი დაუჭირეს რეფორმის პაკეტს, თუმცა, ამავე დროს, ხაზგასასმელია, რომ პარტია „ლელომ" მხარი არ დაუჭირა ამ პროექტს. ის გახლავთ 19 აპრილის შეთანხმების ერთადერთი ხელმომწერი პარტია, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებებს. ამით, კიდევ ერთხელ, ხაზგასმულია, რომ პარტია „ლელო" უბრუნდება თავის ბუნებრივ გარემოს და დგება იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობაა", - თქვა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე, რომელიც კანონპროექტის საბოლოო მოსმენის შემდეგ გამართა.

თავის მხრივ, საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათთვის აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში რამდენიმე ფაქტორი არის მიუღებელი. ოპოზიცია აქცენტს ცესკოში “ლეიბორისტული პარტიის“ წევრის დანიშვნის უფლების წართმევაზე აკეთებს, რომელიც ცვლილებას მოჰყვება. გარდა ამისა, ოპოზიციისთვის 40%-იანი ბარიერია მიუღებელი, მაშინ, როდესაც, მათივე თქმით, შარლ მიშელის  დოკუმენტში ერთადერთ ციფრზე - 43 % იყო საუბარი.

„ჩვენთვის მიუღებელია პატარა პარტიების დასჯა, ხომ წარმოუდგენელია, რომ მამუკა ხაზარაძე "ლეიბორისტული პარტიის" ინტერესებს იცავს, მაგრამ ასეა სამართლიანობა და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს. ამიტომ გადავწყვიტეთ სიურპრიზების გამო არ ვყოფილიყავით უბრალოდ ხელის მომწერები და შევიკავეთ თავი. ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით შარლ მიშელის დოკუმენტს და ამას ვითხოვთ ყველასგან,"- უთხრა ჟურნალისტებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

„შალვა, შალვად დარჩება, ხოლო სოფლები უპატრონოდ“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით შელია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას. ზუგდიდის საკრებულოს წევრი მიიჩნევს, რომ სხვა უამრავ ხარვეზთან ერთად, რეფორმის შედეგად, სოფლების გაერთიანება არასწორი ნაბიჯია. მისივე თქმით, შეუძლებელია დეპუტატი იცნობდეს მოსახლეობის პრობლემებს, რომელიც მისი სოფლიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ის თვლის, რომ საარჩევნო უბნების საზღვრები არა თბილისში, არამედ ადგილობრივ დონეზე უნდა დადგენილიყო.

„მაგალითისთვის, მე ვარ ანაკლიის მკვიდრი და ვთქვათ ერგეტის პრობლემებს ზოგადად ვიცნობ. ვიცნობ ისეთ პრობლემებს, რომელიც აქვს ყველას: წყალი, გზა, კანალიზაცია, მაგრამ არ ვიცნობ ოჯახების პრობლემებს. თუ ვინმეს გგონია, რომ მაჟორიტარობა ადვილია და მხოლოდ საკრებულოში ხელის აწევით შემოიფარგლება, ძალიან ცდება. დეპუტატი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულებას გრძნობს და ის მუდამ ცდილობს ახლოს იყოს მოსახლეობასთან. არჩეული წევრი, რაც არ უნდა ნაკლებ აქტიური იყოს, ის მაინც გრძნობს ვალდებულად თავს... ანაკლიის ცენტრიდან, ერგეტის ზოგიერთ უბნამდე 20 კილომეტრია და როგორ წარმოგიდგენიათ, ამას გაწვდეს ერთი ადამიანი. შეუძლებელია ან ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება“, - მიიჩნევს დავით შელია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს. თუმცა, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, კოდექსში არის რამდენიმე საკითხი, რომელიც პრობლემურია. ორგანიზაციის შეფასებაში მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებად რამდენიმე საკითხია გამოყოფილი, მათ შორის, საკრებულოებში პროპორციული წილის ზრდა.

„მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისას მცირდება საარჩევნო ბარიერი და იზრდება პროპორციულად არჩეულ საკრებულოს წევრთა წილი, შესაბამისად, ცვლილებები უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში უფრო პროპორციულ ასახვას; წესდება მაჟორიტარად არჩევისთვის აუცილებელი 40%-იანი ბარიერი“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის შეფასებაში.

არჩევნებთან დაკავშირებული რეფორმა შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო. დეპუტატებმა კანონპროექტზე 8 თვე იმუშავეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.