სტატია
რა დაუჯდებათ მეთხილეებს სამეგრელოში მუშახელის დაქირავება - მომატებული ფასები და უკმაყოფილო გლეხები
ახლა სწორედ ის სეზონია, როდესაც ფერმერები და გლეხები თხილის პლანტაციებში მოსავლის შეგროვებას იწყებენ, ამისთვის კი ისინი მუშახელს ქირაობენ. წელს თხილის მბოჭავების უმრავლესობა დღიური სამუშაოს საფასურად 60-დან 75 ლარს ითხოვს, რასაც მეთხილეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. შემგროვებლები კი ტარიფის გაზრდის მიზეზად პროდუქტსა და საწვავზე ფასის მომატებას ასახელებენ და განმარტავენ, რომ ამ თანხაში გადაადგილება და საკვებიც შედის.

"პროდუქტმა და საწვავმა მოიმატა, ხალხი ხომ უნდა ვატაროთ? ელემენტარულად, საკვები ხომ უნდა იყიდოს ადამიანმა. შარშანდელ ფასს  გვთავაზობენ - 50 ლარს. ყველა ხარჯის გათვალისწინებით მუშას დარჩება 30 ლარი და ამ ფასად ერთი დღის სამყოფ ლუკმასაც ვერ იყიდის ადამიანი. საწვავი, სასუქი, წამლები - სახელმწიფოსგან ყველაფერს გაძვირებულად ვყიდულობთ ჩვენც. წინა წლებში უფრო იაფად დავდიოდით, მაგრამ ახლა ყველაფრის გაძვირების ფონზე, ასე სიარული შეუძლებელია. მეთხილეებს უჭირთ გადახდა. თუ არ აწყობთ, კეთილი ინებონ და აგროვონ თვითონ", - გვეუბნება ირაკლი ხორავა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ჰყავს და სენაკიდან თხილის პლანტაციებში სამუშაოდ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაჰყავს.

საკუთარი ძალებით გეგმავს თხილის მოსავლის აღებას ორსანტიელი ლუიზა ფარცვანია. წუხს, რომ, შესაძლოა, ამაში ხელი უამინდობამ შეუშალოს, თუმცა აღნიშნავს, რომ წლევანდელი მოსალოდნელი მოსავალი არ მისცემს საშუალებას დამატებითი ხარჯი გასწიოს და მუშახელი დაიქირაოს.

"იმდენი ხარჯი აქვს ამ თხილს, უნდა შეწამლო, სასუქი დააყარო... ახლა შემგროვებლები ამბობენ, დღეში 70 ლარად ვიმუშავებთო, მაგრამ სოფელში ამის თანხა არავის აქვს. წელს თხილი დაბალმოსავლიანია, დაბალპროცენტულია და ამიტომ ვწვალობთ, ვცდილობთ, რომ ჩვენით გავაკეთოთ ეს ყველაფერი. სხვა გზა არ დაგვიტოვეს, 70 ლარი ძალიან ძვირია. მერე გამრჩევსაც ხომ უნდა გადაუხადო, ტონაში 150 ლარი თუ 200 ლარი უნდათ და ძალიან რთულია. ხალხს საშუალება არ აქვს, მესმის, ყველაფერი გაძვირებულია, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? თხილი რომ იყოს მოსავლიანი და ხარისხიანი, ფასიც რომ ქონდეს, მესმის, შრომატევადია და გადაუხადო უნდა. შარშან გადავიხადეთ 60 ლარი, თხილს უკეთესი ფასი ჰქონდა, წელს ძალიან ძვირია, არ არის შემოსავალი ნორმალური, თან ფასი არ არის და არც არაფერს ამბობენ ამ ფასის რეგულაციაზე. ამიტომ ყველას ურჩევნია თავისით, ჯახირით გაიტანოს თავი და თვითონ შეაგროვოს რამენაირად. 15 დღე დავჯდები ალბათ, თუ წვიმიანმა ამინდმა არ შეგვიშალა ხელი, ძალიან რთული იქნება, მაგრამ რას ვიზამ", - თქვა ფერმერმა.

მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ოთარ შეროზია მიიჩნევს, რომ მკრეფავების ანაზღაურების ზრდაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. მან საკუთარ პლანტაციებში მოსავლის აღების პროცესი დაიწყო და მუშახელიც შედარებით იაფად ჰყავს დაქირავებული. 

"ახლა ვაკრეფინებ ჩემს ბაღში, სენაკის ერთ-ერთ სოფელში, უკვე 4 დღეა მუშაობენ.  ხელზე ასაღები თანხა არის 40 ლარი, კვება არის მუშის, ხოლო ტრანსპორტირებას მე უზრუნველვყოფ სხვადასხვა სოფლიდან, რომ გამოუვიდეთ 40 ლარი ხელზე. ტრანსპორტირება მიჯდება ხან 5 ლარი, ხან 10 ლარი - გააჩნია საიდან მოგვყავს. ზუგდიდის შემთხვევაში სიტუაცია არის ასეთი, რადგან მოთხოვნა დიდია ზუგდიდში, მუშახელი კი არ ჰყოფნით, სენაკიდან ან აბაშიდან უწევთ ჩაყვანა, 5 ლარად კი მანდ არავინ ჩავა, ყოველთვის მეტი ჯდება, როცა შორიდან მოდიან მკრეფავები. ასეა, როცა სამეგრელოდან მიდიან, მაგალითად, კახეთში სამუშაოებზე. მკრეფავის მოყვანის ფასი უფრო გაძვირდა, ვიდრე უშუალოდ პლანტაციაში მუშაობის. საწვავი არის გაძვირებული. მეორე ცუდი ტენდენცია არის ის, რომ თხილის ფასი დამოკიდებულია უცხოურ ვალუტაზე, დოლარში იზომება თხილის გულის ფასი. წელს სიტუაცია არაპროგნოზირებადია. არ იქნება განსაკუთრებულად მაღალი ფასი. შესაბამისად, მუშახელი რაც უფრო მეტს მოითხოვს ლარში, დოლარში გადმოყვანისას და შედარებისას, მისი ანაზღაურება არის ძალიან მომატებული. პრინციპში არის უკვე იმის ნიშნები, რომ თურქეთში თხილის მკრეფავებს ნაკლები გამოსდით, ვიდრე ქართველებს, მიუხედავად იმისა, რომ თურქული თხილი უფრო მეტი ღირს”,- გვიხსნის ოთარ შეროზია.

ის შიშობს, რომ ისევე, როგორც შარშან, გლეხები მოსავლის განმეორებით კრეფას ვერ შეძლებენ და თხილის გარკვეული ოდენობა განადგურდება.  გამოსავალს შეროზია მუშა ხელის სხვადასხვა რეგიონიდან მობილიზებაში ხედავს, რისთვისაც, მისივე თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. ამასთან, პროცესში მექანიზებული საშუალებების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს. 

მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, გასულ წელს ნაჭუჭიანი თხილის მაქსიმალური ღირებულება 8.50-9 ლარამდე მერყეობდა. მას წლევანდელი პროგნოზის გაკეთება უჭირს, რადგან მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვალუტა არასტაბილური კურსით გამოირჩევა. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.