სტატია
ართმევენ თუ არა დარჩელელებს საქონლის საბალახოს - პროტესტი და მიწის მესაკუთრის პასუხი (ფოტო)
დარჩელი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი უკვე თვეებია, რაც საძოვრებად გამოყენებული მიწის მათ სარგებლობაში დატოვებას ითხოვენ, თუმცა დღეს პროტესტმა მწვავე ფორმა მიიღო, მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, მათ პროტესტანტებს არ მისცეს გზის გადაკეტვის საშუალება, რასაც  ხმაური მოჰყვა.

პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ნონა ბეჭვაია რადიო „ათინათს“ უყვება, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობას ლუკმაპურს ართმევენ და არ დათმობენ მიწის გასხვისებას.

„ჩვენ კანონიერად მოვითხოვთ, გავიგოთ, თუ რა უფლებით შეწამლეს ის მიწა, აქ მოსახლეობა სარგებლობდა ამ მიწით და მაინტერესებს, ვართ თუ არა ჩვენ მოსახლეობა და მოქალაქეები. სანამ ამ ხალხს სტაბილური საარსებიო წყარო არ გაუჩნდება, ორ და სამ ლიტრ რძეს რომ იწველის იმ ძროხის საბალახო ადგილს მთავრობა და სახელმწიფო ვერ წაართმევს“, - თქვა ბეჭვაიამ.

მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს ალტერნატიული საარსებო წყარო და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, დაიცავენ საკუთარ უფლებებს ნებისმიერი კანონიერი გზით.

„ხალხს ძლივს გააქვს თავი, რამდენი წელია, სიმინდი არ არის. სიმინდი როცა არ აქვს გლეხს, იქ ყველაფერი სულიერი ქათმიდან, ძროხიდან და ღორიდან დაწყებული,  მშიერია. თხილის მოსავალიც არ არის და შენ რაც აქვს იმის წართმევას რომ ცდილობ, რა ქნას ამ ხალხმაც, უნდა გადასახლდეს აქედან? “, - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

დარჩელში მცხოვრები ნაზო სარიაც ანალოგიურ პრობლემას უჩივის. ამბობს, რომ ეს მიწა მათ წინაპრებს ეკუთვნოდა და ამჟამინდელი საძოვარი არის ხალხის საკუთრება.

„ჩვენ გვართმევენ საძოვარ მიწებს და ამას არ დავთმობთ არავითარ შემთხვევაში, დავკეტავთ გზას დღეს, ხვალ და ზეგ. აქ დაახლოებით 100 ათას ჰექტარზე მეტი მიწაა და ეს შეწამლეს, რათა ძროხები მოკლან“, - ამბობს სარია.


ადგილზე იმყოფებოდა დარჩელი-განმუხურის მაჟორიტარი მაია კალანდია, რომელმაც ისაუბრა 2011 წელს მიწის გასხვისების დეტალებზე. კალანდია ვარაუდობს, რომ ამ ტერიტორიაზე ინვესტიციის განსახორციელებლად ხელისუფლება ჩინურ კომპანიას ამზადებს.

„სოფელ დარჩელში საძოვრებს ართმევენ მოსახლეობას, რომელსაც სხვა არანაირი საშუალება საარსებოდ არ აქვს. 2011 წელს გასხვისდა ეს მიწა, მაგრამ იმ დაქმით, რომ სანამ ლაზიკის პორტი არ ამუშავდებოდა, მოსახლეობა ისარგებლებდა აღნიშნული ტერიტორიით. ახლა აქ შემოვიდა ბატონი მალხაზ ჩუგოშვილი და მითხრა, რომ რაღაცას აპირებს 700 ჰექტარზე. მივმართავ ოპოზიციას და ყველა მედიასაშუალებას, მივმართავ მთელ ქვეყანას, ამ მიწას ამზადებენ იმისათვის, რომ აქ შემოიყვანონ ჩინელი ინვესტორები“, - თქვა მაჟორიტარმა.

გარდა ამისა, კალანდიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკითხი სცდება ხალხის პრობლემას და უფრო სტრატეგიული სახისაა.

განსაკუთრებული პროტესტი ადგილობრივებში იმან გამოიწვია, რომ მიწის მესაკუთრე კომპანია, რამდენიმე დღეა, ბალახს სხვადასხვა პრეპარატით წამლავს.

რას უკავშირდება ახლა სამუშაოების დაწყება, ვკითხეთ შპს „დარჩელი რეალ სთეით“-ის წარმომადგენელს მალხაზ ჩუგოშვილს, რომელიც აქციის მონაწილეებს ე.წ. საძოვრებზე დახვდა. მას ადგილობრივებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.


მიწის მესაკუთრე კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ აღნიშნული მიწა არ არის საძოვარი და არ არის სამეურნეო სახნავ-სათესი მიწა. როგორც ის განმარტავს, მიწის გადასახადს კომპანია ყოველწლიურად იხდის და ეს საკმაოდ დიდი თანხაა - 80 ლარზე მეტი თითო ჰექტარზე.

„ეს ადგილი ასეთი მიტოვებული რომ არ ყოფილიყო, მისს ინდუსტრიალიზაცია ანუ  მოვლა გადავწყვიტეთ. ჩვენ დე იურე გვეკუთვნის მიწა და ჩამოვედით, არც მეგონა, რომ ამდენი პრობლემა იქნებოდა.

ქვეყანაში, სადაც კანონი არის და კანონის უზენაესია ყველასთვის, ვინც დე იურეს ფლობს, ის ფლობს დე ფაქტოს. ამ მიწის დაუფლება დე ფაქტო არის ძალიან რთული. მე ამ ხალხის ძალიან კარგად მესმის, ხალხის სიმართლე მათ თვალებში ჩანდა, მაგრამ მრისხანებაც ჩანდა და მრისხანება მიმართულია იმ ლიდერებისკენ, რომლებმაც ისინი მიატოვეს.

როდესაც ეს ტერიტორია გაყიდეს და ნახეს, რომ ხალხი იყენებდა მიწას საძოვრად, უნდა მოეძებნათ ალტერნატიული ადგილი და უნდა ეთქვათ, სახელმწიფომ გაყიდა ეს ადგილი, ხალხი ყოველწლიურად გადასახადს იხდის და ის, რომ თქვენ იქ აძოვებთ საქონელს, ეს არის იმ ხალხის საჩუქარი თქვენს მიმართ.

ადამიანმა შენ თავისი სახლი გათხოვოს, იქ სამი წელი იცხოვრო, მერე ის დაბრუნდეს და უთხრა, რომ შენს სახლში არ გიშვებ, ამას ნიშნავს მათი საქციელი. მე გეტყვი ერთ რამეს, მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, მენეჯერი ვარ, არანაირი მილიონერი არ ვარ, მე ყოველთვის ვშრომობდი და ვაპირებ, ვიშრომო.მე მაქვს ამოცანა, რომელიც არის კანონიერი“, - უთხრა ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პირველ რიგში, ადგილზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს განახორციელებენ. ამასთან, ჩუგოშვილი ამბობს, რომ ის ესაუბრა ადგილობრივების ნაწილს და მათ, ვისაც აქ სიმინდის თუ თხილის ბაღები აქვს, კომპანია შენარჩუნებაში ხელს შეუწყობს.

“ამ ადგილის ინდუსტრიალიზაცია რომ დაიწყოს, პირველ რიგში არის საჭირო რელიეფი მოვიდეს ვარგის მდგომარეობაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გაიწმინდოს სადრენაჟე არხები, ეს თუ არ მოხდება, ისევ ჭაობად იქცევა. ეს არ არის დიდი ინვესტიცი,ა რასაც ვაპირებთ, ამას უცხოური ინვესტორები არ სჭირდება, მოვა დრო, როცა აუცილებლად დაგვჭირდება უცხოელი ინვესტორებიც. ჩვენი გუნდი არასოდეს პრორუსულ გარემოსთნ არ მეგობრობს, ჩინელებიც იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ უარი უთხრეს, ჩვენ უფრო იაპონელებთან თანამშრომლობას დავუჭერთ მხარს, ვიდრე ჩინელებთნ. აქ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებით დავიწყებთ, მოწესრიგებას სჭირდება ძალიან დიდი თანხა. როგორც კი დაიწყება ამ ადგილის ლოჯისტიკური განვითარება, ვგულისხმობ ანაკლიის პორტს, იმ დროისთვის მოვლილი, მოწესრიგებული და დაცული იქნება აქაურობა“, - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.

აქციის მონაწილეები არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას და ამბობენ, რომ მიმართავენ ყველა კანონიერ ზომას, რათა მიწა შეინარჩუნონ, ხოლო მიწის მესაკუთრეები სამუშაოების შეწყეტას არ გეგმავენ და ადგილს სამომავლო ინვესტიციებისთვის ამზადებენ.








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.