სტატია
ემიგრანტი ქალების საახალწლო ემოციები (ფოტო)
აქსანა, თეონა და ია - სამი განსხვავებული ასაკისა და პროფესიის ქალს ერთი რამ აერთიანებს - სამივე ახალ წელს ოჯახისგან შორს, ემიგრაციაში შეხვდა. ამბობენ, რომ რთულია ასე რაიმე იზეიმო, ამიტომაც წლებია, დღესასწაულს მოკრძალებულად და სევდიანად ხვდებიან.

მთავარი საახალწლო სურვილებიც სახლში დაბრუნებას უკავშირდება.

აქსანა თოფურია, 35 წლის, აფხაზეთიდან დევნილი, მუშაობს და ცხოვრობს იტალიაში, ნეაპოლში.


„მე-5 წელია ემიგრანტი ვარ, შესაბამისად, მეხუთედ ვხვდები ახალ წელს შვილების, ოჯახის და სამშობლოს გარეშე. შვილებისა და სამშობლოსგან შორს ყოფნა ერთნაირად მტკივა ნებისმიერ დღესასწაულზე, ნებისმიერ დღეს და წამს.

ევროპულმა, კათოლიკურმა შობამ იტალიაში უკვე ჩაიარა, ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, უჩვეულოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკით მხოლოდ, არანაირი განსაკუთრებული შეგრძნებებით. აქ ყველა დღესასწაული სამუშაო დღეა ჩემთვის, მადლობა უფალს ძალისა და შესაძლებლობისთვის, საქართველოდან 3000 კილომეტრში გადმოხვეწილს, მქონდეს სამსახური ახალ წელსაც და შობასაც. მართლმადიდებლურ შობის ღამეს აუცილებლად ვატარებ ეკლესიაში. შობა დღესასწაულების დღესასწაულია.

5 წელია, არანაირი ხალისი არ მაქვს ახალი წლის, არადა, ჩემი უსაყვარლესი დღესასწაულია, მხოლოდ იმ წუთებით ვხარობ, ვუყურო, როგორ აწყობენ ჩემი შვილები ნაძვის ხეს ბავშვური სიხარულით, ვცდილობ, ოჯახს არ ვაგრძნობინო ის სევდა, რაც ემიგრაციაში მყოფ ათასობით ადამიანს თან გვდევს, წინასადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით, როცა ოჯახებში უნდა ვფუსფუსებდეთ ამ პერიოდში, ჩვენ კი… საქართველოს ახალი წელი მენატრება, ჩემი ბავშვობა, როცა სამეზობლო ერთად ვხვდებოდით ახალ წელს, ღამის 12 საათიდან ყველა ოჯახში რომ ველოდებოდით ერთმანეთს, იყო მუსაიფი, სიცილი, მხიარულება და უანგარო სიყვარული, მეტი პატივისცემა და ადამიანური, რეალური შეგრძნებები. თუმცა ქართული კერძებიდან რომელიმეს მაინც ვამზადებ წინასაახალწლოდ, განწყობისთვის, საკუთარი თავის სიყვარულისთვის, ძალისთვის, სტიმულისთვის.

გამთლიანებული საქართველო მინდა, მთელი არსებით. ტერიტორიულად, მენტალურად, ეკონომიკურად, კულტურულად გამთლიანებული. მინდა დაასრულოს ჩემმა სამშობლომ ემიგრაციით დაქუცმაცება, დროა, თითოეულმა ემიგრანტმა დააბრუნოს საქართველოში მისი წილი სამშობლო და გავერთიანდეთ. ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის ჩვენი რესურსი საქართველოში მინდა იხარჯებოდეს. გილოცავთ 2024 წელს, დეოკუპაციის, გაძლიერების, კეთილდღეობის წელი იყოს საქართველოსთვის. ყველა ადამიანის სულში იშვას უფალი შობას. სიძლიერეს, სიკეთეს, ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას პატივისცემით“

თეონა ახალაია, 32 წლის ჩხოროწყუდან. მუშაობს და ცხოვრობს იტალიაში, მოდუნიოში.


„მე თეონა ახალაია ვარ, ემიგრანტი. 5 წელი სრულდება, რაც იტალიაში ვარ და მხოლოდ ერთხელ მოვახერხე შვებულების აღება. მალე დასრულდა ტკბილი დღეები და საერთოდ არ მეყო. მეორეჯერ სამშობლოს დატოვება კიდევ უფრო გამიჭირდა და მიჭირს დღესაც...

ყველაფერი მენატრება კოლხურ-იბერიული, ჩვენებური, მაგრამ განსაკუთრებით, სამეგრელოს ჭის წყალი, მას ჩვენი მიწის გემო და სამოთხის სურნელი დაჰკრავს...

ხშირად ემიგრანტები მძიმე ეკონომიური სიდუხჭირის გამო მიდიან, ზოგი გულნატკენია, რომ არ აფასებენ სამშობლოში და ა.შ... მე კი მეგრული ენის და კიდევ პირადი ორი გეგმის ასასრულებლად წამოვედი, რადგან ჩემი მიზნების და ოცნებების ახდენა, საქართველოს არ შეეძლო და არც სურდა. ხოლო როცა პატიოსნად შრომობ, დიდი დრო გჭირდება, 2 წლით წამოვედი და მეექვსე წელი იწყება, ამ დროში შეუძლებელი შევძელი, ახლა ერთი მთავარი გეგმა დამრჩა და მინდა ისიც გამომივიდეს. უფრო რთულია მისაღწევად, მაგრამ უნდა გავუძლო, ეს არის ჩემი მომავლის - ბიზნეს გეგმა, რომელიც ბევრ რამეს გააერთიანებს და ჩემს ოდაბადეს და ენას კიდევ უფრო დიდ პოპულარიზაციას გაუწევს, ჯერ ამაზე საუბარი ზღაპარია, მაგრამ მე მჯერა სასწაულების ....

როგორი საახალწლო განწყობა მაქვს? - იცით, არ ვიცი... უცნაური, სევდიანი, ჩემში ემიგრაციის დროს, ყველანაირი საახალწლო და სამხიარულო განწყობა კლინიკურად მოკვდა... მიუხედავად ამის, ყოველთვის იმედით სავსე ვარ.

მინდა ისეთი წელი მოვიდეს, ემიგრანტები სახლში ვბრუნდებოდეთ და ევროპული ხელფასით საქართველოშიც შეგვეძლოს მუშაობა.

ვისურვებ, რუსეთის ომი უკრაინაში ამ წელს დასრულდეს, მალე დამარცხდეს ეშმაკი და ისე დაეცეს მოსკოვი, რომ ვერასდროს ვერ წამოდგეს. ვლოცულობ ჩვენი ცოცხალი გმირი ბიჭებისთვის, რომ ყველა ჯანმრთელად და მშვიდობით დაგვიბრუნდეს.

აქედან ყველაფერს უფრო ემოციურად განვიცდი, სულიერად დავბერდი, უსაშველოდ დავიღალე, იმდენ ენაზე ვსაუბრიბ, უკვე გონებაც არეული მაქვს, იტალიელ ბებიას, ზოგჯერ მეგრულ ენაზე ვესაუბრები.

იტალიაშია ჩემი სხეული და სული კი სამეგრელოში დამრჩა. იტალიაში ბევრი სამუშაო არ მაქვს, მე ,,აკომპანიო" ჰქვია, ანუ დამლაპარაკებელი, ბებიამ რომ თავი მარტო არ იგრძნოს, ესაა მხოლოდ და ის ოჯახური საქმეები, რაც ყველას აქვს საკუთარ სახლში. ისეთი სამსახური ვიპოვე, როგორიც მჭირდებოდა, რომ აქედან, ტელევიზიის მართვა შემძლებოდა. უფრო ტელეფონში მუშაობა მღლის, ბევრ რამეს ვაკეთებ, ვსწავლობ იტალიურ სკოლაში და ქართულ უნივერსიტეტში ონლაინ.

რა განსხვავებაა, აქაურ და იქაურ ახალ-წელს შორის? – აქ ახალი წელი დიდად არ იციან, მხოლოდ შობას აღნიშნავენ და ესაა მათთვის ყველაფერი. მართალი გითხრათ, ჩემთვისაც სულ ასე იყო, შობა იყო ყველაზე დიდი დღესასწაული და სულ ასეა, გამორჩეულად მიყვარს. ჩემი სურვილია, რომ საქართველომ გაასწოროს ჩამორჩენილი კალენდარი, აუხსნან ადამიანებს, თუ რატომ ჩამორჩება, რატომ აირჩა 25 დეკემბერი და რა დატვირთვა ჰქონდა მას. ხალხს აკლია კლასგარეშე ცოდნა, გვგონია, რომ წინ ვართ განათლების კუთხით, მაგრამ არა, სამწუხაროდ, აქაც ჩამოვრჩებით.

სრულიად საქართველოს ვულოცავ შობა ახალ-წელს, ქირსე-კალანდას მეგახვამანთ. ვისურვებდი, რომ მეტი განათლებული საზოგადოება გვყავდეს, ვისურვებდი, ჩვენს მშობლიურ ენებს, მიენიჭოს რეგიონული სტატუსი და ისეთი ეროვნული მთავრობა დაგვებედოს, რომ ჩვენი ქვეყნის ენებს, დაცვა და გადარჩენა არ სჭირდებოდეს.

იყო შენებისგან შორს, ეს ისეთი რთული და ყრუ ტკივილია, რომ ახალგარდაცვლილი ადამიანის სულს შევადარებდი, რომელიც ვერ ხვდება, რომ მოკვდა და თავი ცოცხალი ჰგონია. იტანჯება, კედლებს ეხეთქება, არც შია, არც სცივა, მაგრამ მაინც ცუდადაა და რაღაც აკლია და არც მისი ესმით და ვერც იქით აწვდენს ხმას...

რა აკლია ემიგრანტს ირონიულად იტყვიან ხოლმე. არადა, ყველაფერს მოკლებული ვართ, რაც ჩვენია, გვიყვარს და გვენატრება. ის, რასაც შეეჩვია ადამიანი, მის გარეშე ყოფნა არ ყოფნაა“.

ია დარსალია, 51 წლის, ზუგდიდიდან, მუშაობს და ცხოვრობს საბერძნეთში.

„მე ვარ ია დარსალია, 51 წლის. ოთხი წელი და ექვსი თვეა ვიმყოფები ემიგრაციაში. კერძოდ საბერძნეთში. ჩემი საქართველოს ცა სხვა ფერია, მზე სხვაგვარად ატკბობს, ზღვა სხვანაირად ღელავს, მთა-ბარს სხვა ელფერი დაჰკრავს.

ახალი წელი დადგა, შობას ვიზეიმებთ, მაგრამ ეს ის ზეიმი არ არის, რომელსაც საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლში და მშობლიურ ხალხში განიცდი. განა შეიძლება უცხო მიწაზე გვქონდეს ისეთი განწყობა, როგორიც საკუთარ ფუძეზე. ვერასოდეს შევადარებ ჩემი ქვეყნის შობა-ახალ წელს სხვისას.

ემიგრანტებს სახეზე სევდის ნაოჭები გაგვაჩნია და თვალებზე ნაღველი. მტკივა ემიგრანტობა, მტკივა ის დარდი, ის უძილო ღამეები, ფულზე გაცვლილი ბედნიერება და დაკარგული წლები ოჯახიდან შორს, რომელსაც ვერასოდეს ვერ დავაბრუნებ, ვერ შევავსებ. ვერ განკურნავ იმ ტკივილს შვილის კოცნის წყურვილს რომ ტელეფონის ეკრანზე კოცნით იკლავ.

გეფერები ჩემო სამშობლოვ მრავალ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ემიგრანტების ბუდეში დაბრუნებას“.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.