მულტიმედია
104 წლის წინ აკაკი ხოშტარიას დედისთვის აშენებული სასახლე სუჯუნაში (ფოტო, ვიდეო)
აბაშის სოფელ სუჯუნაში, მეგრულ ოდებსა და სტანდარტულ სახლებს შორის, საუკუნოვანი, აგურითა და ქვით ნაშენი, ლამაზი და თითქოს, იდუმალებით მოცული სასახლე დგას. ორჭიშკრიან, არც თუ ისე დიდ ეზოში შესვლის შემდეგ 8 საფეხურს აივლი და იტალიელი ოსტატების შემქნილ სასახლეში მოხვდები, თუმცა, უკვე დიდი ხანია, 104 წლის ისტორიას შიგნით მხოლოდ ჭერი ინახავს, რადგან საკუთარი კვალი კომუნისტებმა აქაც დატოვეს. დღეს აქ მორჩილები ცხოვრობენ. მანამდე, საბჭოთა პერიოდში კი სკოლა იყო განთავსებული.

სასახლე პროფესიით მებაღე-დეკორატორსა და პირველ ქართველ მილიონერს, ნავთობ-მრეწველს აკაკი ხოშტარიას დედისთვის აუშენებია - გვიყვება აბაშის საკათედრო ტაძრის მოძღვარი დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა. სწორედ მან მოიძია ცნობები და აბაშის შესახებ მცირე ისტორიული პასაჟები ერთ წიგნში გააერთიანა.

„სოფელში, მოხუცებში შემორჩენილი იყო გადმოცემა, რომ აქ მდგარა მეგრული დიდი, აივნიანი ოდა. როცა გარდაიცვალა კონიაკის მრეწველი დავით სარაჯიშვილი, აკაკის სთხოვეს, რომ შეესყიდა სარაჯიშვილის სახლი. ასეც მოხდა. აკაკიმ ჩამოიყვანა იტალიელი ოსტატები და თბილისის სახლის სამუშაოების პარალელურად სუჯუნაში დაიწყო მშენებლობა. აქ ძირითადად მისი დედა, ვარდიკო ავალიანი ცხოვრობდა“, - გვიყვება დეკანოზი.
სასახლე 3 წელიწადს შენდებოდა. შენობას გარე ფასადი თითქმის უცვლელად აქვს შენარჩუნებული. ის ევროპული სტილისთვის დამახასიათებელი ორნამენტებითაა მორთული. ზუსტად არავინ იცის, ვის ეკუთვნის ქვაში გამოკვეთილი ქალის სახე, რომელიც მთელ სასახლეზეა დატანილი.

ყველაზე დიდ ოთახში ჭერზე შემორჩენილი ღვინის, დოქის, ვაზისა და ყანწის ორნამენტები გვაფიქრებინებს, რომ ეს საბანკეტო დარბაზი იყო, რომელიც, თავის მხრივ, მომიჯნავე ოთახისგან თაღებითაა გამოყოფილი. ერთ-ერთი ოთახის ჭერზე კი მუსიკალურ საკრავებს შენიშნავთ. აქ, როგორც დეკანოზი ამბობს, ალბათ სალონური ოთახი იყო. სასახლე სულ ათი ოთახისგან შედგება და მას ორი აივანი ამშვენებს.

“გადახურვა რომ სჭირდებოდა სასახლეს, ბუხრის ერთ-ერთ ნაშენ მასალაში აი, ასეთი აგურები აღმოაჩინეს, ჯვრის გამოსახულებით. ვვარაუდობთ, რომ მთელი სახლი ასეთი აგურებითაა ნაშენები. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ აკაკი ხოშტარია არამხოლოდ ტრადიციების მიმდევარი ადამიანი, ეკლესიური და მორწმუნეც იყო. სხვათა შორის, ტაძარი სუჯუნაში მისი გადახურულია. სწორედ ამ სახურავმა გადაარჩინა მთელი საბჭოთა პერიოდი ეკლესია დაზიანებას. აკაკის სურვილით, დედაც ამ ტაძარში დაიკრძალა“, - გვეუბნება მამა კონსტანტინე.

ხოშტარიებს სუჯუნა, მათი სახლი და მთელი აბაშა განსაკუთრებულად უყვარდათ. დეკანოზი გვიყვება, რომ სუჯუნაში ჩამოსვლისას აკაკი დაივლიდა თავის ნათესავებს და უყურადღებოდ, დახმარების გარეშე არავის ტოვებდა. შესაძლოა, ამ დამოკიდებულებამ განაპირობა ისიც, რომ მისმა მეუღლემ, მინადორა თურქიამ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ემიგრაციაში წასვლამდე  დააფიცა ქმარს, გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი აქ დაემარხათ.

„სუჯუნელი ბერტა მანტკავა იხსენებდა, ემიგრაციაში წასვლამდე აქ გამოუვლია ცოლ-ქმარს. მინადორა გრძნობდა, რომ ვერასდროს დაბრუნდებოდა და აკაკის უთხრა მეგრულად: „სკან შურქ ეჭყორდასია, მა უცხო დიხას დობღურ დო სი თაქ ვამთხორიადა“ (სული წაგიწყმდეს, უცხო მიწაზე თუ მოვკვდი და შენ აქ (სუჯუნაში) არ დამმარხოო). აკაკიმ მას თხოვნა ვერ შუესრულა, თუმცა მინადორა ქრისტიანულ სასაფლაოზე განისვენებს, სადაც სუჯუნას ეკლესიის მსგავსი პატარა აკლდამა გაუკეთა და ირანში, ამ ქრისტიანულ ტაძარში დღემდე წირავს რუსი მღვდელი. წასვლის წინ კი აკაკიმ დაუტოვა დიდი ოდენობით ფული აქაურ ახლობელს, რომ მისი მშობლების საფლავებისთვის მიეხედათ, თუმცა, მამის საფლავი სად არის, არავინ იცის. ეტყობა, თხოვნა ვერ შეუსრულეს“, - ამბობს აბაშელი დეკანოზი.

აქაურები ადრე, თურმე, ყვებოდნენ, რომ ხოშტარიების სასახლის უზარმაზარ ეზოში იშვიათი ჯიშის ხეები ყვაოდა. იტალიელებს აქ ერთი ხე დაურგავთ, რომლის ნაყოფს შოკოლადის გემო ჰქონია. მერე ეს ხეები მოუჭრიათ და საბჭოთა პერიოდში, სკოლის გასათბობად გამოუყენებიათ. ახლა ეზოში მხოლოდ ენდემური ჯიშის მცენარეები ხარობს.

საბჭოთა საქართველოში ქართველ მილიონერს სასახლეც წაართვეს და ეზოც გაუნახევრეს. სასახლის დარბაზების კედლები, სავარაუდოდ, სწორედ მათ შეღებეს ცისფრად და თეთრად. აქ არ არის ხოშტარიების ნაქონი არცერთი ნივთი, ავეჯი ან რაიმე სხვა. დეკანოზი ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში მათი ნაწილი განადგურდა, ნაწილი კი, უბრალოდ, კომუნისტებმა გაძარცვეს.

მამა კონსტანტინე კაჭარავა სასახლის მნიშვნელობაზე საუბრისას, უპირველესად იმას ამბობს, რომ სუჯუნაში მდებარე სასახლე ისტორიული ძეგლია, რადგანაც მისი ვიზუალიც კი ქართველების ევროპულ ორიენტაციაზე მეტყველებს.

„ასეთი შენობა ნამდვილად ფასეულია და იმსახურებს სხვანაირ მოპყრობას. ასი წლის წინ აშენებული სასახლე უტყვი მოწმეა იმისა, რომ ჩვენს რეგიონში კულტურული ხალხი ცხოვრობდა, ევროპული ორიენტაციის, სიმბოლური დატვირთვაც აქვს იმას, რომ 100 წლის წინ მაღალი დონის და გემოვნების შენობა გვაქვს. ეს ისტორიული ძეგლია, მარტო ტაძრები არაა ისტორიული ძეგლები“, - გვეუბნემა მამა კონსტანტინე.

უკვე, თითქმის, ათი წელია, სასახლე ჭყონდიდის ეპარქიას ეკუთვნის. სწორედ ეპარქიის ხელმძღვანელმა მეუფე პეტრემ გადაახურინა სასახლე, გააკეთებინა შესასვლელი კარის ანალოგი და მასვე სურს, აქ, ერთ ოთახში მაინც, აკაკი ხოშტარიას შესახებ სამუზეუმო სივრცე შეიქმნას. მანამდე კი სასახლეს აქ მცხოვრები მორჩილები უვლიან, 104 წლის წინ ნაგები ევროპული სტილის შენობა კი სტატუსს ელის.


სუჯუნა


სუჯუნა - ათეულობით წლის განმავლობაში აბაშის საბოქაულო ცენტრი - აბაშაში, ქალაქიდან 6 კილომეტრში, მდინარე აბაშის ნაპირას მდებარეობს.
სოფლის სახელწოდებას სხვადასხვაგვარად ხსნიან. ერთი ვერსიით, სუჯუნა დამდგარ წყალს ნიშნავს, მეორე ვერსიით კი, სურებით გარშემოხვეულს. 

ფაქტია, რომ აბაშის ამ სოფელს საინტერესო ისტორია აქვს. ჩვენ უკვე მოვყევით, რომ სუჯუნა პირველი ქართველი მილიონერის, ქველმოქმედისა და ნავთობ-მრეწველის აკაკი ხოშტარიას მშობლიური სოფელია, რაც სოფელს, გარკვეულწილად, საინტერესოდ ხდის.

მეორე მხრივ კი აღსანიშნავია, რომ, თითქმის, ორი საუკუნის განმავლობაში სოფელში სუჯუნელებთან ერთად ებრაელები ცხოვრობდნენ. სავარაუდოდ, 200 კომლი ებრაელი სანაოსნო საქმიანობის განვითარებისთვის აქ ეპისკოპოსმა ჩამოასახლა.

ისინი ცხოვრობდნენ პატარა სახლებში, არ მისდევდნენ სოფლის მეურნეობას და ხელოსნობა-ვაჭრობით იყვნენ დაკავებულები. ბოლო ებრაელი სუჯუნაში 2000 წელს, მათი სამშობლოში დაბრუნებიდან, წლების შემდეგ გარდაიცვალა. ის იყო ქალი, რომელიც სუჯუნაში დაბრუნდა და აქ განაგრძო ცხოვრება.

სოფელში ებრაელების ორი გვარის სასაფლაო და მიტოვებული სინაგოგაა. სწორედ სინაგოგაა ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა სოფლის და ის მე-19 საუკუნით თარიღდება.


უფრო ადრინდელია, მე-18 საუკუნეში აშენებული წმინდა გიორგის ტაძარი, რომელმაც საკუთარი პირვანდელი სახე შეინარჩუნა.

მეოცე საუკუნეში კი სუჯუნას ღირსშესანიშნაობებს დედისთვის შვილის მიერ აშენებული სასახლეც დაემატა.

ავტორები: სალომე ფაცაცია
სოფო ხუბულავა




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
28 / მარტი 2024
ზუგდიდის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში განთავსებაზე 25 806 ლარის ტენდერი გამოაცხადა.
28 / მარტი 2024
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2023 წელს 2 608 ბავშვი დაიბადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.