აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია „სახელმწიფო ღალატში საქართველოს სასარგებლოდ“. ამავე ცნობით, კახა მურადოვი, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქოება და ასევე „აფხაზური“ პასპორტი, გაგრაში 24 აპრილს აიყვანეს.
ე.წ. უშიშროების სამსახურის მტკიცებით, მურადოვის სახლის ჩხრეკისას „ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მიუთითებს მის კავშირზე საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაზე“.
ამავე ცნობით, მურადოვი 1977 წელს აფხაზეთში დაიბადა. მათივე ინფორმაციით, ის 1994-1999 წლებში საქართველოს შსს-ში მუშაობდა, კონტაქტები ჰქონდა 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფებების, მათ შორის „მხედრიონის“ ყოფილ მეთაურებთან.
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა მურადოვის „ჩვენება“, რომლის თანახმად, მას დავალებული ჰქონდა აფხაზეთში რუსეთიდან შესულ მატარებლებზე თვალთვალი იმის დასადგენად, ხომ არ არიან დატვირთული სამხედრო ტექნიკით და ასევე, დაგეგმილი იყო ინფორმაციის მოსაპოვებლად მისი „ჩანერგვა“ აფხაზეთის „სახელმწიფო დაწესებულებებსა და სამხედრო ობიექტებზე“. გარდა ამისა, დავალებული ჰქონდა საქართველოსთან აფხაზეთის შეერთების მხარდამჭერი „ლოიალური ადამიანების“ მოძებნა და მათთვის ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად ფინანსური დახმარების სახით დაგეგმილი იყო ერთი მილიონი ლარის გამოყოფა.
საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.
2022 წლის ივლისში "ჯაშუშობის" ბრალდებით გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დააკავეს ქრისტინე თაკალანძე. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2023 წლის 5 მაისს
მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები