რეგიონი
ლურჯი მოცვის წარმოების პერსპექტივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
ლურჯი მოცვის პლანტაციების ფართობი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. კენკროვანი კულტურის ეს სახეობა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია ევროკავშირის ბაზარსა და დიდ ბრიტანეთში.  ამ კულტურისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები სამეგრელოში, გურიასა და აჭარაშია,  რადგან აღნიშნულ რეგიონებში ნიადაგის  მჟავიანობა ანუ PH 4-დან 5-მდე მერყეობს. ევროკავშირის ბაზარზე 1 კგ ცოცხალი ლურჯი მოცვი 14 ევრომდე ღირს, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი - 18 ევრო.  

ევროკავშირის პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში მომზადებული კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჯამში მოცვის პლანტაცია გაშენებულია 43,7 ჰა-ზე. ამავე კვლევის თანახმად, მისი მოყვანა ასევე იგეგმება 48 ჰა-ზე, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია. გაირკვა, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში შემოსავლიანი პლანტაცია მხოლოდ სოფელ ნაწულუკუში 5,7 ჰა-ზეა გაშენებული.

მოცვის პლანტაციების ფართობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ასეა გადანაწილებული:

ნარაზენი - გაშენებულია 18 ჰა-ზე, გასაშენებლად გამზადებულია - 32 ჰა.

ყულიშკარი - გაშენებულია 5 ჰა-ზე, 5 ჰა გამზადებულია გასაშენებლად.

რიყე - გაშენებულია  5 ჰა-ზე, 3 ჰა გამზადებულია გასაშენებლად.

ინგირი - გაშენებულია  10 ჰა-ზე,  5 ჰა გამზადებულია გასაშენებლად.

ინგირი (ოირემე) - 3 ჰა გამზადებულია გასაშენებლად.

alt


კვლევის ავტორის და ორგანიზაცია "განათლების სახლის" წარმომადგენლის ლაშა ნარსიას თქმით, ფერმერები, რომლებიც მოცვის პლანტაციებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფლობენ, ყველაზე მეტად სამაცივრე მეურნეობის ნაკლებობას უჩივიან. ამასთან, კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ ფერმერებს შესაბამისმა უწყებებმა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაკავშირებულ საკითხებზე უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

"ამჟამად მოცვის მყიდველი სხვადასხვა ქვეყნიდან ფერმერებთან თავად მოდის, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, რაც პლანტაციების რაოდენობა გაიზრდება, ფერმერებს თავად მოუწევთ პროდუქტის ევროპის ბაზარზე გატანა. აქედან გამომდინარე, მეწარმეებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე", - თქვა ლაშა ნარსიამ.

კვლევის მიხედვით, მოცვის მოვლა-მოყვანაში ფერმერები და მეწარმეები სხვადასხვა პრობლემაზე, მათ შორის,  არასაკმარის და შეუსაბამო აგროტექნიკაზე საუბრობენ. ასევე, მათთვის დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს არასაკმარისი ფინანსური რესურსი, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები,  კვალიფიციური აგრონომების სიმცირე, არასაკმარისი ცოდნა და გამოცდილება.

მოცვის კულტურის განვითარებისთვის ხელისშემშლელ ერთ-ერთ ფაქტორად კენკროვანი კულტურების ექსპერტი და  "საქართველოს აგრარული გაერთიანების" დამფუძნებელი ვალერი გორგიშელი ფერმერების ინფორმირებულობის დაბალ დონეს და საკითხისადმი არასწორ მიდგომას მიიჩნევს. ის ამბობს, რომ მოცვის გაშენება იმ მეთოდოლოგიით და ცოდნით თუ გაგრძელდა, რაც ახლა არსებობს, მის განვითარებას დიდი საფრთხე დაემუქრება. ექსპერტი ფერმერებს, რომლებსაც ლურჯი მოცვის გაშენება სურთ, პირველ რიგში, ნიადაგის საფუძვლიან კვლევას ურჩევს.

alt

"სამეგრელოში ფერმერებს გონიათ, რომ თუ ნიადაგი მჟავეა, ის ყველა შემთხვევაში გამოდგება ლურჯი მოცვისთვის. ეს არის დიდი შეცდომა, რადგან სამეგრელოში, კერძოდ, ხობში, ზუგდიდსა და სენაკში ნიადაგი მაქსიმალურად გამორეცხილია ანუ მიკრო და მაკრო ელემენტები თითქმის აღარ არის", - ამბობს გორგიშელი.

ექსპერტი ფერმერების კიდევ ერთ შეცდომაზე საუბრობს. მისი თქმით, უმეტესობა დაბალი ფასის გამო უხარისხო ნერგების ყიდვას ამჯობინებს, რაც, მისივე თქმით, პრობლემის სახით მესამე და მეოთხე წელს აუცილებლად იჩენს თავს.

"უხარისხო ნერგები დაავადებების მატარებელი და მავნებლების გამავრცელებელია. რაც ყველაზე მთავარია, უხარისხო ნერგები გამოირჩევა დაბალი პროდუქტიულობით. ასევე, პრობლემაა ნერგებში სხვადასხვა ჯიშის აღრევა. მაგალითად, თუ მე შევიძინე ლეგასი, იქ შეიძლება აღმოჩნდეს დიუკის ჯიში ან კიდევ სხვა... ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის დაცული ჯიშური სიწმინდე, რაც საეჭვო ექსპორტზე მიუთითებს. ეს არამარტო იმ ფერმერს შეუშლის ხელს, რომელიც მას რგავს, არამედ ყველა იმას, ვინც მის მახლობლად მომავალში პლანტაციის გაშენებას დაიწყებს, რადგან მავნებლის გავრცელების დიდი საშიშროებაა ", - აღნიშნა მან.

ვალერი გორგიშელი ამბობს, რომ ლურჯი მოცვის მოვლა-მოყვანა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ფერმერს შეცდომების დაშვება ძვირი დაუჯდება. მისივე თქმით, სამეგრელოს ნიადაგების გათვალისწინებით, ამ კულტურის 1 ჰა-ზე განაშენიანებისთვის 60 ათას ლარზე მეტია საჭირო. რაც შეეხება ჯიშებს, ექსპერტი ამბობს, რომ სამეგრელოს რეგიონში ყველაზე კარგი შედეგი ონეილის, ლეგასის, ბლუკროპის, მისტის, ჰანასჩოის ჯიშებმა აჩვენეს.

სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში მოყვანილი ლურჯი მოცვი ევროპის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება, რადგან ჩვენს ქვეყანაში ის გაცილებით ადრე მწიფდება, ვიდრე სხვა იმპორტიორ ქვეყნაში. ამასთან, ლურჯი მოცვი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ ბაზარზე და მოსავლის რეალიზება პრობლემას არ წარმოადგენს.

სტატია მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "კონრად ადენაუერის ფონდი", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან" და ასოციაცია "ათინათთან" თანამშრომლობით, ახორციელებს. მასალაში აღნიშნული კვლევები, პროექტის ფარგლებში, რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს.


ავტორი: სოფო ხუბულავა



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 51 040 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
28 / მარტი 2024
იმისათვის, რომ კლინიკური ფსიქოლოგიის ლიცენზირებულ მომავალს კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოებოდა, ზუგდიდელმა დავით ქირიამ საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ფსიქოლოგიის სფეროში სტაჟირების რამდენიმე საფეხური გაიარა, რაშიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები დაეხმარა.
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.