ჩვენ მხარს ვუჭერთ გალის შეხვედრების აღდგენას, რათა დავაბრუნოთ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან - ინტერვიუ ელჩთან მარეკ შჩიგელთან
12:21 / 26.09.2022
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა - ელჩმა მარეკ შჩიგელმა, სამეგრელოში ვიზიტისას, რადიო "ათინათს" ინტერვიუ მისცა.
ელჩმა შეაფასა საქართველოში, კერძოდ კი ჩვენს რეგიონში სადამკვირვებლო მისიის 14 - წლიანი საქმიანობა, მან ისაუბრა მისიის როლზე კონფლიქტის მხარეებს შორის კომუნიკაციის და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ასევე იმაზე, თუ რამდენად რეალურია, უკრაინის კრიზისის და რეგიონში გამწვავებული სიტუაციის ფონზე, მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის პერსპექტივა და გალის შეხვედრების განახლებაზე საუბრის გააქტიურება, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, არსებული გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე და რა არის მნიშვნელოვანი, მათ შორის მისიის მონაწილეობით, რეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად.
სექტემბერში 14 წელი სრულდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან, დაგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება, გარდა გამყოფ ხაზებთან პატრულირებისა, დამკვირვებლების საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა აქტივობას, მინდა გთხოვოთ, კიდევ ერთხელ განმარტოთ, თუ რა არის მისიის მიზანი, მისი საქმიანობის მიმართულებები ?
დიახ, ნამდვილად სექტემბერში 14 წელი შესრულდა მისიის დაარსებიდან. 2008 წლის 1 ოქტომბერს დავიწყეთ სადამკვირვებლო საქმიანობა მათ შორის აქ, ზუგდიდში, სადაც მდებარეობს სამიდან ერთ - ერთი საველე ოფისი. უცვლელი რჩება ჩვენი მანდატი, რომელიც 4 ელემენტს მოიცავს - სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა და ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება. ამ 4 სამოქმედო მიმართულებით მუშაობისას, ჩვენი საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზის მონიტორინგს, არამედ ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, თუ როგორია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ამ საკითხზე ჩვენი მისიის ადამიანური უსაფრთხოების ჯგუფი მუშაობს. ჩვენ აგრეთვე გვაქვს შეხვედრები თავდაცვის სამინისტროს უწყებებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიტუაციური ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით. ნდობის აღდგენის ფარგლებში ჩვენი საქმიანობა მოიცავს ცხელი ხაზის მართვას, რაც წარმოადგენს კომუნიკაციის მთავარს საშუალებას თბილის - სოხუმსა და თბილის - ცხინვალს შორის. კომუნიკაციის ამ ინსტრუმენტს საკმაოდ ხშირად იყენებენ მხარეები. ნდობის აღდგენის კიდევ ერთი კომპონენტი არის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები. ფორმატს, რომლის მეშვეობით კონფლიქტის მხარეები ხვდებიან ერთმანეთს პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად. სამწუხაროდ, გალის შეხვედრები შეჩერებულია უკვე 4 წლის მანძილზე, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას ერგნეთში.
პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რამდენად გაიზარდა მოსახლეობის ნდობა სადამკვირვებლო მისიის მიმართ ამ პერიოდში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნდობა დამკვირვებლებისთვის?
ძალიან კარგი კითხვაა. ჩვენ რეგულარულად ვატარებთ კვლევას, რათა გავიგოთ როგორ აფასებს მოსახლეობა ჩვენ საქმიანობას. ბედნიერი ვარ მოგახსენოთ, რომ კონფლიქტით დაზარალებული ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა დადებითად გვაფასებს. პირველ რიგში მოსახლეობა გვცნობს, იციან ვინ ვართ. ამავდროულად, დადებითად, ძალიან დადებითად, აფასებენ ჩვენ მუშაობას ადგილზე და ჩვენ წვლილს სიტუაციის სტაბილიზაციის და ნორმალიზაციის საქმეში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბევრ სამოქალაქო, საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და ცალკეულ აქტივისტებთან. მათთან ვახორციელებთ რამდენიმე პროექტს, მათ შორის პროქტებს, რომლებიც ფინანსდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის ფონდიდან. შედარებით მცირე ზომის ფონდია, თუმცა გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ მიზნობრივი პროექტები, რომლებიც აერთიანებს ორივე მხარეს მომუშავე აქტორებს, მხარეებს შორის ნდობის ამაღლების მიზნით.
მე დავამატებ მედიის კუთხით, სადამკვირვებლო მისიის და ევროკავშირის მხარდაჭერას, უშუალოდ ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა იმ პროექტებისა, რომლებიც ნდობის გაღრმავებისკენ არის მიმართული, ქართულ - აფხაზურ პროექტებზეა საუბარი და დიდი მადლობა ამისთვის.
... და, რა თქმა უნდა გალის შეხვედრებზე მინდა გკითხოთ, თქვენ ახსენეთ ერგნეთის შეხვედრები, რომლებიც განახლდა. გამომდინარე ურთულესი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან, უკრაინის კრიზისიდან, როგორია გალის ოთხმრივი შეხვედრების განახლების საკითხის გააქტიურების პერსპექტივა და რამდენად ეფექტიანია თქვენი აზრით ეს ფორმატი?
ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია, რომ ეს ინსტრუმენტი მნიშვნელოვანი და აუცილებელია. განსაკუთრებით ახლა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ირგვლივ და თვითგამოცხადებულ რეგიონებშიც, ჩვენ გვჭირდება პირდაპირი დიალოგის ფორმატი. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე ვითარება შედარებით სტაბილური და მშვიდია, არსებობს ესკალაციის და სიტუაციის უარყოფითად განვითარების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, ის ინსტრუმენტები, რომლებიც შექმნილია მსგავსი მოვლენების ასარიდებლად, უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის გალის შეხვედრების აღდგენას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენ კოლეგებთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან, რათა დავაბრუნოთ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან. თუმცა ვიცი, რომ განსხვავებული ხედვები, ტექნიკური საკითხები ქმნიან დაბრკოლებებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი გაიაზრებს, რომ ასეთი რეგულარული შეხვედრები მათ ინტერესებშია. მე გავაგრძელებ თემას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის მოქმედება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, თუმცა, სოხუმი და ცხინვალი ეწინააღმდეგებიან მათ მიერ კონტორლირებად ტერიტორიაზე მისიის შესვლის შესაძლებლობის. უკრაინის კრიზისის და რეგიონში გამწვავებული სიტუაციის ფონზე, რამდენად რეალურია ამ თემის წინ წამოწევა და მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე შესვლის პერსპექტივაზე საუბრის განახლება?
დიახ, ის რომ ჩვენ არ გვაქვს წვდომა სასაზღვრო ხაზის მეორე მხარეს წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას ჩვენი მანდატის სრულყოფილად შესასრულებლად. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა უწყვეტად ვახსენებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ ჩვენი მანდატი, რომლის პირობები შეთანხმდა 2008 წელს, ითვალისწინებს მისიის საქმიანობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ერთგვარი პარადოქსია, ვინაიდან ჩვენ უნდა დავაკვირდეთ 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებას. ევროკავშირის შუამავლობით, საქართველოს და რუსეთის მიერ ხელმოწერილი და ძალაში შესული შეთანხმება, რომლის ხელმომწერნი შეთანხმდნენ მონიტორინგის მექანიზმზე. ჩვენ წარმოვადგენთ ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას. შესაბამისად, ეს შეთანხმების ხელმომწერთა პირდაპირი ვალდებულებაა, უზრუნველყონ მისიის სრულყოფილი მუშაობა. რაც შეეხება პერსპექტივებს, ძალიან რთულია რამის განჭვრეტა რეგიონში არსებულ საკმაოდ დინამიურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ვთვლი, რომ უნდა შევახსენოთ რუსეთს, რომ მათ არ შეასრულეს 6-პუნქტიანი შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან სამხედრო ნაწილების გაყვანასთან დაკავშირებით. რუსეთმა უნდა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება, როგორც ამას საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპები მოითხოვს.
უშუალოდ თქვენს პირად გამოცდილებაზე მინდა გკითხოთ, საკმაოდ რთულ პერიოში მოგიწიათ საქართველოში ყოფნა ამ პოზიციაზე, რა იყო მთავარი გამოწვევები, რომელთა წინაშე აღმოჩნდა მისია ამ დროს, როგორ გაუმკლავდით მათ და რა თქმა უნდა, მთავარი წარმატებები?
რთული კითხვაა... ვფიქრობ, როცა 2020 წლის მარტში საქართველოში ჩამოვედი და მისიის ხელმძღვანელის მოვალეობებს შევუდექი, ცოტათი განსხვავებული გეგმები და მიზნები მქონდა. ამ პერიოდს დაემთხვა პანდემია, რამაც მკვეთრად შეცვალა პრიორიტეტთა ნუსხა. მოგვიწია ახალ რეალობაში ადაპტაცია, ვმოქმედებდით და ვსწავლობდით პროცესში, თუ როგორ გვემუშავა კოვიდ 19 - ის შეზღუდვების ფონზე და ზიანის შემცირების გათვალისწინებით. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ მისია ნამდვილად კარგად გაუმკლავდა სირთულეებს. პანდემიის ყველაზე რთულ დროსაც ვაგრძელებდით მუშაობას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან. ამას დაემატა კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც აგრეთვე ზემოქმედება მოახდინა ჩვენ ჩვეულ აქტივობებზე. ვგულისხმობ სიტუაციას საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. კონფლიქტი სამხრეთით - სომხეთ-აზერბაიჯანის ომი 2 წლის წინ. ახლა კი რუსეთის მხრიდან აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამან განაპირობა ცვლილებები ევროპული უსაფრთხოების საკითხში. პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ ერთი ქვეყნის პირდაპირ აგრესიას მეორე ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ გავააქტიურეთ წინასწარი გაფრთხილების მექანიზმები. მისიაში გავაფართოვეთ და გავაძლიერეთ ანალიტიკური მუშაობა, რათა შევძლოთ მყისიერი რეაგირება რაიმე სახის პოტენციურ განვითარებაზე ჩვენ სამოქმედო ტერიტორიაზე. რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, არსებული გეოპლიტიკური ცვლილებების ფონზე და რა არის მნიშვნელოვანი, მათ შორის მისიის მონაწილოებით, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით?
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი აქ ყოფნა არის ევროკავშირის ერთგვარი წვლილი და დაკისრებული ვალდებულება საქართველოში და ფართო რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მისია არის ევროკავშირის ერთ - ერთი უდიდესი სამოქალაქო მისია, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი ადამიანური თუ მატერიალური რესურსები. მისიას აქვს ევროკავშირის ქვეყნების დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ 27 წევრი სახელმწიფოდან, 26 ქვეყანას ამ მისიაში ჰყავს თავისი წარმოდგენილი. როგორც აღვნიშნე, მისიის მანდატის მეოთხე კომპონენტი ითვალისწინებს ევროკავშირის ინსტიტუციების ინფორმირებას. ჩვენ ჩვენი მონიტორინგით, ფაქტების დაფიქსირებით და ანგარიშებით წვლილი შეგვაქვს ევროკავშირის უფრო დიდი სტრატეგიის შემუშავების პროცესში, ამ რეგიონთან და უფრო ფართო კონტინენტზე. სწორედ ამიტომაც გვყავს ასე უხვად სტუმრები მისიაში. აქაც, ზუგდიდის საველე ოფისში. გვსტუმრობენ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები. მაგალითად, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე რუხში, ენგურის ხიდზე ვუმასპინძლეთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც დაინტერესდა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული სიტუაციით და გალის რაიონის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობებით. მან ბევრი მსგავსება აღნიშნა ოკუპირებულ უკრაინულ დონბასთან. უკრაინის ომი ყველას შეეხო. ევროკავშირის ქვეყნებმა, მეზობელმა ქვეყნებმა, როგორიცაა საქართველო, დავინახეთ ლტოლვილები, რომლებიც შემოდიან უკრაინიდან. საქართველოში ვხედავთ სატრანზიტო გზებით წამოსულ სატვირთო მანქანების ნაკადებს. აგრეთვე ვხედავთ ზეგავლენას სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტ- იმპორტზე. უკრაინის პორტების ბლოკირების გამო გარკვეულ სასოფლო- სამეურნეო ნაწარმის შესაძლო შეზღუდვებს. ეს რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის სამწუხარო შედეგია, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ მომავალშიც. ამავდროულად ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ რეგიონალური და შიდა სტაბილურობა, რათა გავუმკლავდეთ გამოწვევებს და ავირიდოთ პოტენციური საომარი მოქმედებების რისკები. შეჯამებისთვის აღვნიშნავ რომ, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სადამკვირვებლო მისიის შენარჩუნებას საქართველოში, მათ შორის, როგორც პრევენციულ საშუალებას, რათა არ მოხდეს უკრაინის კონფლიქტის გავრცელება საქართველოში და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
საქართველოს სასწავლო ცენტრის სკოლა ჯი ელ სის ზუგდიდის განყოფილების მოსწავლეებმა საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის თანახმად, ღონისძიებისთვის განკუთვნილი თანხა მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს.
ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სოციალურ ქსელში წერს, გმობს ძალადობას და მხარს უჭერს სტუდენტურ მოძრაობებს.
„შეუძლებელია სკოლა ატარებდე საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელს და გული არ შეგტკიოდეს იმაზე, რაც ახლა საქართველოში ხდება“, - ასე ეხმაურება ზუგდიდის N-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები