სტატია
მოღალატეებო, მალე მოგაკითხავენ - ზუგდიდელ აქტივისტებს უცხო ნომრიდან დაურეკეს და შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართეს (ფოტო)
ე.წ აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებთან, მონაწილეებთან და აქტივისტებთან გუშინ უცხო ნომრიდან დარეკეს. როგორც რესპონდენტები გვიზიარებენ, ზარების შინაარსი ერთმანეთს ემთხვევა. უმეტესწილად, პროტესტის მონაწილეებს ქვეყნის მოღალატეებსა და სამშობლოს გამყიდველებს უწოდებენ, ემუქრებიან, რომ მალე ამ საქმისთვის მათ მიაკითხავენ. მათი თქმით, ძირითადად, საღამოს საათებში დაურეკეს და ყურმილს მიღმა ქალის ხმა ისმოდა, რომლის იდენტიფიცირება აქტივისტების დიდმა ნაწილმა მოახერხა.

ამასთან, ზუგდიდის მერიის ააიპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრის" თანამშრომელმა ზაზა ფარცვანიამ სოციალურ ქსელში დაწერა "ჩვენ არ ვმალავთ, დიახ, დავურეკეთ...მათი მეთოდი ისევ მათ წინააღმდეგ რომ გამოვიყენეთ, დაიბნენ". მას კომენტარში არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა.

ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი, სოციალური კაფე "მეგობარის" თანადამფუძნებელი ნანა შედანია გვეუბნება, რომ მასთან ზარი საღამოს რვის ნახევარზე შევიდა და მოსაუბრემ ზუსტად იცოდა მისი ვინაობა.

"ყურმილი რომ ავიღე, პირდაპირ სახელით მომმართა, შენ ქვეყნის მოღალატე და გამყიდველი ხარო, მე დავინტერესდი ვინ იყო, ვკითხე კიდეც. მითხრა, რომ ქვეყნის ღალატზე პასუხი მალე მომეთხოვებოდა. მითხრა, რომ ვინც ვარ და რაც ვარ მალე გაირკვევა, მომაკითხავს და გათიშა. მე ვერ მოვახერხე იდენტიფიცირება, თუმცა ქალი იყო, მხატვრული და დაზუთხული ტექსტით. კარგად იყო მომზადებული, იცოდა ვისთან რეკავდა და რა უნდოდა", - ამბობს ის.

შედანია ამ ფაქტს საპროტესტო ტალღას უკავშირებს და დასძენს, რომ ამით უფრო პროტესტის მონაწილეებს მოტივაცია ემატება.

"სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია. საპროტესტო ტალღას ვუკავშირებ, ვინც აქტიურად არის ჩვენს ქალაქში ჩართული აქციებზე. ყველას დაურეკეს, ვინც ამ აქტივობებშია ჩართული. ყველასთან ერთი მესიჯ ბოქსია, ერთი და იგივე ნომერი. ასეთი ზარები ჩვენ არ გვაშინებს, ძალიან გვაბრაზებს და გვმატებს ბრძოლის ჟინს. ასეთ ქვეყანაში ჩვენ არ ვიცხოვრებთ", - გვითხრა მან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ადგილობრივი ხელმძღვანელი არჩილ თოდუაც აღნიშნავს, რომ საღამოს საათებში დარეკეს და მისი განმარტებით, მესიჯი იდენტური იყო.

"ვინც სიტყვით გამოდის, ვიდეომიმართვები გაავრცელეს, ყველასთან დარეკეს. ამ ყველაფერს ვუკავშირებ ხელისუფლების მცდელობას, რომ დააშინონ ადამიანები, ვინც რუსულ კანონს აპროტესტებენ, თუმცა ეს არ გაუვათ. შიშის დრო არ არის, ახლა არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

უფრო მეტი შემართებით დავუპირისპირდებით ხელისუფლების მცდელობას, ქვეყანაში რუსული მმართველობის წესები დააკანონოს", - თქვა თოდუამ.

მარიამ სიჭინავა, "დროას" რეგიონული აქტივისტი გვეუბნება, რომ ქალმა, რომელმაც მას დაურეკა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

"მითხრა, რომ "რუბლოვნას" შვილი ვარ, სამშობლოს გამყიდველი ვარ და ბოლოს, მითხრა, რომ ძალიან მალე მომაკითხავდნენ. ვინ მომაკითხავდა, არ დაუკონკრეტებია. მე და აქციის სხვა ორგანიზატორებმა ამოვიცანით ხმა. ეს ყველაფერი ხდება იმ საპროტესტო აქციების გამო, რასაც ჩვენ მუდმივად ვატარებთ და ისმის ყოველდღიურ რეჟიმში. ეს არის ადამიანების დემორალიზების და დაშინების მცდელობა", - ეუბნება რადიო "ათინათს" სიჭინავა.

როგორც "სამართლიანი არჩევნების" ადგილობრივი ხელმძღვანელი დათო ლოგუა ამბობს, რომ მან გუშინ მასთანაც დარეკეს, მაგრამ ამ დროს, ის შეხვედრაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, მასაც ანალოგიური აბონენტი დაუკავშირდა ისევე, როგორც მის მეუღლეს და მეგობრებს. 

ფოტო: სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი 

"მათ შორის, ისეთებთანაც დარეკეს, რომლებიც ორგანიზატორები არ არიან და უბრალოდ, ესწრებიან აქციას. უმრავლესობამ ამოვიცანით, ამ ქალს სპეციფიკური ხმა აქვს. კანონს რომ მიიღებდნენ, წესით, მერე უნდა დაეწყოთ დარეკვები, რადგან ეგ კანონი სწორედ ამას ითვალისწინებს, თუმცა მოვლენებს წინ გაუსწრეს და დაიწყეს რეპრესიები. ჯერ ზარით შემოიფარგლებიან, მერე არ ვიცი", - თქვა რესპონდენტმა.

"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის" დამფუძნებელი სალომე ადამია კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მსგავსი ზარები თანაქალაქელებს შორის შუღლსა და დაპირისპირებას აღვივებს.

"სევდიანია ეს ფაქტი. ჩვენ ვართ თანაქალაქელები, რომლებმაც ერთად უნდა გავაგრძელოთ ქალაქში ცხოვრება. ეს კი ძალიან ცუდი სიგნალია. რეალურად, იმ აქციაზე გულწრფელი გულისწყრომისა და გაბრაზების გარდა, მოქალაქეებს არაფერი გამოუხატავთ და მგონი, ეს ჯერ-ჯერობით დასჯადი არ არის ჩვენს ქვეყანაში და არც უნდა გახდეს", - აღნიშნა მან.

ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები სამართალდამცავ ორგანოებში სარჩელის შეტანის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი განმარტებით, ეს გაზრდის წნეხს ხელისუფლებაზე და დისკომფორტს შეუქმნის იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავსი მეთოდებით, "აგენტების" კანონის პარლამენტში მიღებას ხელს უწყობენ.

ჩვენი რესპონდენტების გარდა, სოციალურ ქსელში ზუგდიდელები, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ, აქტიურად პოსტავენ, რომ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი ზარები მათთანაც შევიდა. მათ შორის არიან აქტივისტები, პოლიტიკოსები და სტუდენტები.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. ქვეყნის მასშტაბით, პროტესტი კი უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში "აგენტების" კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია დასრულდა (ფოტო)

ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია ზვიად გამსახურდიას ძეგლთან დასრულდა (ფოტო)

ზუგდიდის მერიასთან “აგენტების” კანონს კვლავ აპროტესტებენ (ფოტო)

"აგენტების" კანონი მეორე მოსმენით მიღებულია

პირველი მოსმენით "აგენტების კანონი" მიღებულია

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / მაისი 2024
ზუგდიდში “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ და ქალაქის მასშტაბით მსვლელობა მოაწყეს.
20 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 51 სკოლიდან პირველკლასელთა ლიმიტი პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლაში სრულად შეივსო.
20 / მაისი 2024
23 წლის მარიკა ჯალაღონია რომში, "საპიენცას" უნივერსიტეტში არქიტექტურისა და ურბანული რეგენერაციის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მან საბაკალავრო
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.